Crystal
Home Page      Contacs      Site map Georgian versionEnglish version
საბეჭდი ვერსია

“კრისტალი” წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს ფინანსურ სექტორში და დღეისათვის ერთ-ერთი განვითარებული, სტაბილური, კონკურენტუნარიანი და დინამიურად მზარდი მიკროსაფინანსო დაწესებულებაა ქვეყნის მასშტაბით. ორგანიზაცია თავის საქმიანობას წარმართავს ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობისა და მიკროფინანსების საერთაშორისო სტანდარტების (CGAP) შესაბამისად.

„კრისტალის“ მიერ 1998 წელს 10,000 აშშ დოლარის სასესხო კაპიტალით დაწყებული საქმიანობა, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ 70-მდე კლიენტს ემსახურებოდა ქ. ქუთაისში და მთლიანად  დონორთა დაფინანსებაზე იყო დამოკიდებული, 2008 წლის დასაწყისისთვის რეგულარულად ემსახურება 6,500-ზე მეტ კლიენტურას, ფლობს ოფისების ფართე ქსელს უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეფექტურად მართავს 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო კაპიტალს და წარმოადგენს ერთ-ერთ მაღალგანვითარებულ, პროფესიულ და სტაბილურ ბიზნეს-კომპანიას საქართველოში.

„კრისტალი“ იყო პირველი ქართული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელსაც მიენიჭა საერთაშორისო რეიტინგი. 2003 წლის ივლისში იტალიური კომპანია “Microfinanza Srl”-ს მიერ ჩატარებული რეიტინგის შედეგად „კრისტალმა“ მიიღო სარეიტინგო შეფასება B+.

„კრისტალის“ მუშაობის მაღალ სტანდარტებს და საერთაშორისო აღიარებას ადასტურებს 2004 წელს მიღებული უმაღლესი ხუთვარსკვლავიანი შეფასება გამჭვირვალებაზე Mix-Market საერთაშორისო სისტემის მიხედვით.

2004 წლის აგვისტოდან “კრისტალი” არის საერთაშორისო მიკროსაფინანსო ქსელის (MFC) სრულუფლებიანი წევრი, რომელიც აერთიანებს მსოფლიო დონეზე აღიარებულ წარმატებულ მიკროსაფინანსო ინსტიტუტებს.

2005 წლის ივლისიდან „კრისტალი“ „საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის“ (AGMO) ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქტიური წევრია. აღნიშნული ორგანიზაცია აერთიანებს საქართველოს 5 წამყვან მიკროსაფინანსო დაწესებულებას.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ორგანიზაციის დიდი გამოცდილება კომერციულ წყაროებთან ურთიეთობისა. „კრისტალი“ იყო პირველი ქართულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის, რომელმაც შეძლო საბანკო კრედიტის აღება (თიბისი ბანკის კრედიტი 2003 წლის ივლისში). დღეისათვის კი ორგანიზაციის ფინანსური პარტნიორებია ისეთი კომპანიები, როგორიცაა Deutsche Bank Global Commercial Microfinance Consortium; Pattelaar/DWM Asset Management; Cordaid; Oikocredit; Blue Orchard; Oxfam/Novib; თიბისი ბანკი და სხვა.

„კრისტალი“ ასევე პირველი იყო ქართულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის, რომელმაც 2004 წლის დასაწყისში ტრადიციული ბიზნეს სესხების პარალელურად დაიწყო საოჯახო ნივთების განვადების პროგრამა და სამომხმარებლო სესხების გაცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკმაოდ წარმატებული ნაბიჯი გამოდგა და დღეისათვის ამ პროდუქტის წილმა ორგანიზაციის მთლიან საკრედიტო პორთფელში 45%-ს მიაღწია.

„კრისტალისთვის“ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ორგანიზაციის პოზიტიური იმიჯის დამკვიდრება საზოგადოებაში. ამის ერთ-ერთი დასტურია ის ფაქტი, რომ ეროვნული ბანკის ქუთაისის ფილიალისა და სამეცნიერო საზოგადოება "ნიკო ნიკოლაძის" მიერ "კრისტალი" დასახელებულ იქნა 2005 წლის საუკეთესო მიკროსაფინანსო ორგანიზაციად იმერეთის რეგიონში.

რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს: 1998-2007 წლებში ორგანიზაციის მიერ საერთო ჯამში გაცემულ იქნა 23,909 სესხი. დამატებით დასაქმდა 15,624 ადამიანი. გაცემული სესხების მოცულობამ შეადგინა 28 მილიონი ლარი, აქედან 12 მილიონი ლარი გაიცა მხოლოდ 2007 წლის განმავლობაში.

უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ მთელი ზემოთაღნიშნული საქმიანობა „კრისტალს“ განხორციელებული აქვს ძირითადად დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, სადაც დედაქალაქისგან განსხვავებით ეკონომიკური აქტივობა საკმაოდ დაბალია და განსაკუთრებით მწვავედ დგას ინფრასტრუქტურის, კომუნიკაციის, ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის,  ეკონომიკური აქტივობისა და თვითდასაქმების პრობლემები. ამიტომაც, ორგანიზაციის საქმიანობას განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ეფექტი მოაქვს სწორედ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისა და მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.