ფინანსური განათლება

„ისესხე გონივრულად“  წარმოადგენს საერთაშორისო მიკროსაფინანსო ცენტრის (MFC) მიერ 2014 წლიდან დაწყებულ მასშტაბურ საგანმანათლებლო კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტებისა და მსესხებელთა ფინანსური განათლების დონის ამაღლებას.

აღნიშნული კამპანიის ფარგლებში ყოველი წლის ოქტომბრის თვეს პროექტის პარტნიორი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები თავიანთ მომხმარებელს აქტიურად აწვდიან ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ისესხონ გონივრულად, რა შესაძლო რისკები უნდა გაითვალისწინონ სესხის აღებისას, როგორ დაიცვან თავი უპასუხისმგებლო კრედიტორებისგან, გასაჩივრების რა უფლებებით შეუძლიათ ისარგებლონ და ა.შ.

ფინანსური სექტორი ბევრ ქვეყანაში უარყოფითი რეპუტაციით სარგებლობს, რაც ხშირად ბაზრის გარკვეული მოთამაშეების უპასუხისმგებლო საქციელით არის გამოწვეული. ამიტომაც, მნიშვნელოვანია იმის დემონსტრირება, რომ ფინანსურ კომპანიებს შესწევთ პასუხისმგებლიანი და გამჭვირვალე საერთაშორისო სტანდარტებით მუშაობისა და მსესხებელთა ჭარბ-ვალიანობისგან დაცვის უნარი.

თუმცა ამის მისაღწევად მხოლოდ კომპანიების ჩართულობა არაა საკმარისი. მომხმარებელთა დაცვის მეორე მნიშვნელოვანი ელემენტია თავად მსესხებელი და მის მიერ სესხის პასუხისმგებლიანად აღება.

საერთაშორისო საგანმანათლებლო კამპანია „ისესხე გონივრულად" მოიცავს მომხმარებლისთვის მარტივად  და გასაგებად მიწოდებულ რეკომენდაციებსა და რჩევებს, ასევე კითხვებს, რომელსაც მომხმარებელმა უნდა უპასუხოს გადაწყვეტილების მიღებამდე, რათა შეძლოს სესხის აღება ნაკლები რისკით და მეტი პასუხისმგებლობით.

კამპანიის ფარგლებში პროექტის პარტნიორი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები აქტიურად უზრუნვეყოფენ მომხმარებელთა ინფორმირებას მათი უფლებების შესახებ და გაუწევენ კონსულტაციებს ისეთ თემებზე, როგორიცაა:

-       კონკრეტულად რა თანხა უნდა ვისესხო?

-       რომელ ვალუტაში სჯობს ავიღო სესხი ?

-       რეალურად რამდენი მიჯდება სესხის მთლიანი მომსახურება?

-       შევძლებ თუ არა ჩემი შემოსავლებით ამ სესხის დაფარვას?

-       კარგად მესმის თუ არა ხელშეკრულების პირობები?

-       სად და როგორ გავასაჩივრო მომსახურების პირობები?

-       როგორ მოვიქცე სესხის გაპრობლემების შემთხვევაში და ა.შ.

პროექტი ხორციელდება 2014 წლიდან საერთაშორისო მიკროსაფინანსო ცენტრის მხარდაჭერითა და კოორდინაციით. 2017 წელს მასში ჩართული იქნება  ევროპისა და ცენტრალური აზიის 17 ქვეყანა და 26 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია.

საქართველოში პროექტის პარტნიორია მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“, რომელიც უკვე მეოთხე წელია წარმატებით ახორციელებს აღნიშნულ საგანმანათლებლო პროგრამას. ოქტომბრის თვის განმავლობაში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება კრისტალის ფილიალებში მიიღოს ინფორმაცია პროექტის შესახებ და ასევე გაიაროს კონსულტაციები სესხის პასუხისმგებლიანად აღების საკითხებზე.