სიახლეები

კრისტალმა მწვანე დაფინანსებისთვის 10 მილიონი ინვესტიცია მიიღო

კრისტალმა მწვანე დაფინანსებისთვის 10 მილიონი ინვესტიცია მიიღო

28 მარტი 2017

ს.ს. მისო კრისტალმა და ჰოლანდიური განვითარების ბანკმა ეფ-ემ-ომ (MFO) ხელი მოაწერეს ლარში დენომინირებულ სასესხო ხელშეკრულებას. მიღებული დაფინანსება (10 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში) მოხმარდება საქართველოს რეგიონებში ინოვაციური და მწვანე სასესხო პროდუქტებით მიკრო და მცირე ბიზნესის დაფინანსებას, მათ შორის ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და მომსახურების სფეროში.

ხელშეკრულების ხელმოწერას ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, საფინანსო სექტორის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და მას-მედიის წარმომადგენლები. ღონისძიების საპატიო სტუმრები იყვნენ:  საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ბატონი კობა გვენეტაძე, ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბატონი იოს დაუმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ბატონი გიორგი ჩერქეზიშვილი.

ქალბატონმა ანგელიკა ორტიზ დე ჰაასმა, FMO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ფინანსური ინსტიტუტების მენეჯერმა, განაცხადა: ,,ჩვენთვის დიდი პატივია კრისტალთან თანამშრომლობა. კრისტალი უნიკალური ბიზნეს მოდელით გამოირჩევა, რომლის მეშვეობითაც კომპანია მოიცავს ათასობით ისეთ ადამიანს, რომელთაც არ ექნებოდათ საშუალება ეწარმოებინათ საკუთარი ბიზნესი და ქონოდათ წვდომა ფინანსურ სექტორთან, რომ არა კრისტალი და კრისტალის ხელმისაწვდომობა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო კრისტალის ინოვაციური მიდგომა ახალგაზრდა მეწარმეობისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით.’’

ბატონი არჩილ ბაკურაძე, კრისტალის აღმასრულებელი თავმჯდომარე: ,,ჩვენ მოხარულები ვართ FMO-სთან პარტნიორობის დაწყებით. გრძელვადიანი ლარის დაფინანსება მოხმარდება მიკრო და მცირე ბიზნესების დაფინანსებასა და ფერმერების ხელშეწყობას მთელი საქართველოს მასშტაბით, ასევე ჩვენი მწვანე სასესხო პორტფელის შექმნას. ეს ხელშეკრულება კრისტალის იმ ხედვისა და სტრატეგიის მიმართ მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულებაა, რომელიც ეფუძნება პასუხისმგებლიანი, კლიენტზე ორიენტირებული და ინოვაციური მიკროსაფინანსო საქმიანობის განხორციელებას“.

28 მარტს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით კრისტალმა თავისი რამდენიმე რჩეული მომხმარებელი დააჯილოვა, მათ შორის ბატონ ზაზა გაგუას, მეღვინეს დასავლეთ საქართველოდან, გადაეცა ბიზნეს ტურის საგზური ჰოლანდიში.