სიახლეები

გლობალური საბანკო ალიანსის ქალთა აკადემიის ღონისძიება

გლობალური საბანკო ალიანსის ქალთა აკადემიის ღონისძიება

05 ივლისი 2017

სს მისო კრისტალი არის პირველი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელსაც მიენიჭა საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი; ის არის პირველი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საქართველოში, რომელმაც შეძლო მოეპოვებინა საერთაშორისო კომერციული დაფინანსება; ის არის პირველი ქართული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია,  რომელსაც მიენიჭა სოციალური რეიტინგი; კრისტალი არის გამარჯვებული  სმარტ კამპანიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში „კლიენტთათვის მარტივ ენაზე შედგენილი ხელშეკრულება“;  ჩვენ გვყავს პირველი ინსტიტუციონალური ინვესტორი და აქციონერი - Developing World Markets (DWM); ჩვენ შევძელით მოგვეპოვებინა უმაღლესი საერთაშორისო აღიარება, პლატინის ჯილდო Mix-Market-ისგან სოციალური საქმიანობის ანგარიშგებისთვის; კრისტალი არის პირველი ორგანიზაცია, რომელმაც დანერგა  საკრედიტო ბუტიკების მოდელი 2015 წელს;  2017 წელს, ჩვენ მთელ რეგიონში პირველებმა  დავნერგეთ  ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი (IFRS 9). ეხლა კი, მორიგი მიღწევა:
ჩვენ ვართ პირველი ქართული ფინანსური დაწესებულება,  რომელიც დაესწრო გლობალური საბანკო ალიანსის ქალთა აკადემიის ღონისძიებას ზამბიაში და  პირველი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელმაც საკუთარი კვალი დატოვა ვიქტორიის ჩანჩქერზე, ლივინგსტონში (ზამბია).

ჩვენი პარტნიორის, FMO-ს (Netherlands Development Finance Company) გულითადი მოწვევით,  მაია ქობალია - კრისტალის სტრატეგიული პროექტების კოორდინატორი  დაესწრო გლობალური საბანკო ალიანსის მიერ ისტორიაში პირველად, აფრიკაში ორგანიზებულ ღონისძიებას,  სადაც 100-ზე მეტი აპლიკანტი იბრძოდა  60 ადგილისთვის  სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

გამოყოფილი ადგილები გადაეცა მსოფლიოს 20 ქვეყნიდან  35 კომერციულ ბანკს, ცენტრალურ ბანკსა და საერთაშორისო საფინანსო დაწესებულებას. ლივინგსტონში (ზამბია) შეკრების მიზანს  წარმოადგენდა აფრიკასა და საერთაშორისო ბაზარზე ფინანსურ სექტორში მოღვაწე პრაქტიკოსებისგან მოსმენა, თუ რას გულისხმობს ქალთა ეფექტური საბანკო მომსახურება.