სიახლეები

„მწვანე ზრდის ფონდისა“ (GGF) და „კრისტალის“ თანამშრომლობის შედეგად საქართველოში ენერგოეფექტურობის დაფინანსება იზრდება

„მწვანე ზრდის ფონდისა“ და „კრისტალის“ თანამშრომლობის შედეგად საქართველოში ენერგოეფექტურობის დაფინანსება იზრდება

23 ივლისი 2018

„მწვანე ზრდის ფონდის“ (GGF) მიერ პირველი ქართული მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის გაცემული კრედიტი 1.5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რომელიც სოფლის მოსახლეობასა და ფერმერებს ენერგოეფექტურობის ხელშემწყობი სიახლეების დანერგვაში უნდა დაეხმაროს.

პროგნოზის მიხედვით, GGF-ის კრედიტით დაფინანსებული ენერგოეფექტურობის ხელშემწყობი ღონისძიებები წელიწადში 2,620 მვტ.სთ-ზე მეტ ენერგიას დაზოგავს და ნახშირორჟანგის ემისიას დაახლოებით 910 მეტრული ტონით შეამცირებს.

ლუქსემბურგი და თბილისი, 23 ივლისი, 2018 – საქართველოში „მწვანე ენერგიის“ დაფინანსების ხელშეწყობის მიზნით „მწვანე ზრდის ფონდმა“ თავის ახალ პარტნიორს - მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალს“ 1.5 მილიონი აშშ დოლარის პირველი რიგის კრედიტი გამოუყო.

საქართველოში ყველაზე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“ ძირითადად მიკროსაწარმოებსა და ფერმერებს ემსახურება და მისი საქმიანობა უმთავრესად რეგიონებშია კონცენტრირებული. საქართველოში მიკრო-კრედიტების გამცემ ორგანიზაციებს შორის „კრისტალი“ ასევე იმითაც გამოირჩევა, რომ თავის კლიენტებს შორის ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს: კრისტალმა „მწვანე“ პროდუქტების პორთფელი მნიშვნელოვნად გაზარდა და გასულ წელს დაშორებულ რეგიონებში ჰელიოსისტემების დანერგვა დააფინანსა.

კრისტალის ენერგოეფექტურობის დაფინანსებაზე ორიენტირებული სტრატეგიის გამო ის GGF-ისთვის, რომელიც რეგიონში ენერგიის მოხმარების შემცირებას ისახავს მიზნად, იდეალური პარტნიორია. GGF-ის მიერ გამოყოფილი დაფინანსება გაზრდის „კრისტალის“ შესაძლებლობებს დაეხმაროს შინამეურნეობებსა და ფერმერებს შეამცირონ როგორც გარემოში ნახშირორჟანგის გამოყოფა, ასევე ენერგიის მოხმარება: პროგნოზის მიხედვით, სესხის ფარგლებში დაფინანსებული ღონისძიებების შედეგად 2,600 მვტ.სთ ენერგია დაიზოგება და ნახშირბადის დიოქსიდის ემისია დაახლოებით 910 მეტრული ტონით შემცირდება. ამასთან ერთად, GGF დახმარებას გაუწევს „კრისტალს“ ეკოლოგიურად სუფთა ღონისძიებების პოპულარიზაციასა და მათი შედეგების შეფასებაში, ენერგოეფექტური პროდუქტების განვითარებაში და მომხმარებლებს შორის მწვანე ენერგიის შესახებ ცნობიერების დონის ამაღლებაში.

„მწვანე ზრდის ფონდის“ თავმჯდომარემ ოლაფ ზიმელკამ განახადა: „ჩვენ მოხარულნი ვართ ვითანამშრომლოთ კრისტალთან, ამ მნიშვნელოვან სამიზნე ჯგუფებში ენერგოეფექტურობის პოპულარიზაციის საქმეში. „მწვანე ენერგიის“ დაფინანსების სფეროში „კრისტალის“ ძლიერი პოზიციის გამო ეს ორგანიზაცია ღირებული პარტნიორი იქნება მიკრობიზნესებთან, ფერმერებთან და შინამეურნეობებთან ურთიერთობების გაღრმავების კუთხით და შესაბამისად მნიშვნელოვან როლს ითამაშებს GGF-ის მისიის წარმატებით განხორციელებაში, რეგიონის მასშტაბით ენერგოეფექტურობის გაზრდის მიზნით.“

არჩილ ბაკურაძე, კრისტალის აღმასრულებელმა თავმჯდომარემ აღნიშნა: „ეს დაფინანსება „კრისტალს“ მწვანე დაფინანსების პორთფელის გაფართოების საშუალებას მისცემს, მით უფრო, რომ ჩვენს ორგანიზაციას კარგად განვითარებული სადისტრიბუციო ქსელი აქვს, ხოლო მწვანე გადაწყვეტების პოპულარობა სულ უფრო იზრდება როგორც მიკრო და მცირე საწარმოებს, ასევე მცირე ფერმერებსა და შინამეურნეობებს შორის. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ საშუალება გვეძლევა ვითანამშრომლოთ GGF-თან და გავიზიაროთ მისი, როგორც ლიდერის, ფასდაუდებელი გამოცდილება, განსაკუთრებით გარემოზე ზემოქმედების შეფასების სფეროში”.

„მწვანე ზრდის ფონდის“ შესახებ

ენერგიის მოხმარებისა და CO2 ემისიის შემცირების მიზნით „მწვანე ზრდის ფონდი“ (GGF) ინვესტიციებს 19 ქვეყანაში ახორციელებს, მათ შორის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში, აგრეთვე უკრაინასა და მოლდოვაში. აღნიშნული ამოცანის მისაღწევად ფონდი ადგილობრივ პარტნიორებს აფინანსებს, რომლებიც თავის მხრივ სესხებს საწარმოებსა და შინამეურნეობებს აძლევენ. ამასთან ერთად, ფონდი პირდაპირ ინვესტიციებს დებს განახლებადი ენერგიის პროექტებში, რაც ძირითადად პირველი რიგის კრედიტების მეშვეობით ხორციელდება. გარდა ამისა, GGF-ს აგრეთვე აქვს ტექნიკური დახმარების ფონდი, რომელსაც ის საინვესტიციო პროექტებით მიღებული შედეგების გასამყარებლად იყენებს, ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტებისა და პარტნიორების შესაძლებლობების განვითარების გზით.

GGF 2009 წლის დეკემბერში დაარსდა გერმანიის განვითარების ბანკისა (KfW) და ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ, ევროკომისიის, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და ავსტრიის განვითარების ბანკის (OeEB) ფინანსური მხარდაჭერით. ფონდის ინვესტორთა მზარდი ბაზა მოიცავს დონორ ორგანიზაციებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს და ინსტიტუციონალურ კერძო ინვესტორებს, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას, ჰოლანდიის განვითარების ბანკს (FMO), გერმანიის ეთიკურ ბანკს (GLS) და შვედეთის ეკლესიას. GGF-ის მრჩეველია „Finance in Motion GmbH“, ხოლო ტექნიკურ კონსულტაციებს კი მას „MACS Management and Consulting Services GmbH“ უწევს.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს www.ggf.lu ან თვალყური ადევნოთ ტვიტერის გვერდს @GreenGrowthFund

ს.ს. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ შესახებ

ს.ს. მისო „კრისტალი“ საქართველოს მასშტაბით ყველაზე მსხვილ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც 80,000-ზე მეტ მომხმარებელს 59 ფილიალისა და სერვის ცენტრის მეშვეობით ემსახურება. კრისტალის საკრედიტო პორთფელის მოცულობა 90 მილიონ ევროს შეადგენს. კრისტალის სათაო ოფისი დასავლეთ საქართველოში, ქ. ქუთაისში მდებარეობს. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მთავარი პროდუქტებია მიკრობიზნესის სესხები (43%), აგროსესხები (25%), საცხოვრისის შესაძენად/ასაშენებლად გაცემული სესხები (16%) და შინამეურნეობებისთვის განკუთვნილი სხვა სესხები (16%). „კრისტალი“ სტაბილურად ინარჩუნებს Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებულ „B” საკრედიტო რეიტინგს.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://ir.crystal.ge/