სიახლეები

გზა ავტომობილის გარეშე

გზა ავტომობილის გარეშე

25 სექტემბერი 2018

გასულ კვირას, ევროპის მობილობის კვირეულის ფარგლებში საქართველოს 10 რეგიონში სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო ღონისძიება გაიმართა. კვირეულის მიზანი სუფთა ჰაერისა და უსაფრთხო გარემოს შესახებ მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება იყო.

 

22 სექტემბერს კი თბილისში სიმბოლური ველოგარბენი გაიმართა. ამით საქართველო შეუერთდა საერთაშორისო აქციას “დღე ავტომობილების გარეშე”, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იმართება. ამ დღეს მოქალაქეები უარს ამბობენ კერძო ავტომობილის გამოყენებაზე, რითაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ველოსიპედისა და ფეხით სიარულის პოპულარიზაციას უწყობენ ხელს.

 

აქციაში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და თბილისის მერთან ერთად ქალაქის ქუჩებში ველოსიპედით გაისეირნა. კამპანიას ასევე შეუერთდნენ მისო “კრისტალის” თანამშრომლები, რომლებმაც კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მხარდაჭერა სუფთა გარემოს მიმართ და კოლეგებს ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვისკენ მოუწოდეს.

 

მოგეხსენებათ, საქართველოში ჰაერის დაბინძურების მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა. წელიწადში აღნიშნული პრობლემის გამო, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 4000-მდე ადამიანი იღუპება. თბილისში კი დაბინძურების მაჩვენებელი ნორმას 300%-ით აჭარბებს. ამის მიზეზი, ხშირად, გაუმართავი ავტომობილების სიმრავლეა, რაც პირდაპირ მოქმედებს ქალაქის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.

 

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქალაქის მერია ცდილობს შექმნას მეტი მწვანე სივრცე, გამოასწოროს ეკოლოგიური მდგომარეობა, გაზარდოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მნიშვნელობა და შეამციროს კერძო ავტომობილების ქონის საჭიროება დედაქალაქში.

 

ველოგარბენი ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის”, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (East-West Management Institute) “სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის” პროექტისა (ACCESS) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით გაიმართა.

 

მისო “კრისტალი” მუდმივად გვერდში უდგას გარემოს დაცვისკენ მიმართულ ინიციატივებს და აქტიურად აფინანსებს საგანმანათლებლო პროგრამებს. მაგალითისთვის, მიმდინარე წელს „მწვანე ზრდის ფონდთან“ (GGF) თანამშრომლობის შედეგად, მისო “კრისტალი” სოფლის მოსახლეობასა და ფერმერებს ენერგოეფექტურობის ხელშემწყობი სიახლეების დანერგვაში დაეხმარება. ასევე, “კრისტალი” შეუერთდა კამპანიას #გარემოსგულისთვის, რომლის ფარგლებშიც კომპანიის თანამშრომლებმა შიდა ქართლში მდებარე ძამას ხეობა და აჭარაში, მახუნცეთის ტურისტული პარკის ტერიტორია დაასუფთავეს. 5 ივნისს კი, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს, მისო “კრისტალის” მხარდაჭერით, ვარდების მოედანზე გაიმართა აქცია, რომელიც სუფთა ჰაერისა და ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების მნიშვნელობის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა.