სიახლეები

კრისტალი წლის პასუხისმგებელი მსხვილი კომპანია გახდა

კრისტალი წლის პასუხისმგებელი მსხვილი კომპანია გახდა

14 დეკემბერი 2018

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელებული საუკეთესო პროექტები 13 დეკემბერს დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდა. კონკურსში მონაწილეობას 91 კომპანია იღებდა, ფინალურ ეტაპზე კი 41 კომპანია მათ მიერ განხორციელებული 76 პროექტით გადავიდა. 

კონკურსის დამოუკიდებელი ჟიური შედგებოდა წამყვანი უცხოელი და ქართველი ექპერტებისგან, მათ შორის იყვნენ: თერთმეტი საერთაშორისო ექსპერტი (დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, ბელგიიდან, დანიიდან, ისრაელიდან, ნორვეგიიდან, სლოვაკეთიდან, და სხვა ქვეყნებიდან) და ქართველი დამოუკიდებელი ექსპერტები საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან და აკადემიური წრეებიდან.

დაჯილდოების ცერემონია გახსნა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა ურუშაძემ. შემდგომ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ევროკავშირის წარმომადგენლობის საქართველოში უფროსის მოადგილემ - კარლო ნატალემ. ცერემონიას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობის წევრები, სფეროს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს-კომპანიების წარმომადგენლები. 

წლის პასუხისმგებელი მსხვილი ბიზნესი - ს.ს მისო „კრისტალი“ გახდა - კომპანიას ჯილდო ევროკავშირის წარმომადგენლობის საქართველოში უფროსის მოადგილემ, კარლო ნატალემ გადასცა. 

,,ძალიან დიდი მადლობა მელიორას, ძალიან დიდი მადლობა ჟიურის წევრებს, მათი კეთილგანწყობისთვის და იმისათვის, რომ ჩვენი, ძალიან მცირედი წვლილი საზოგადოებაში მთელი ჩვენი ოცწლიანი არსებობის განმავლობაში ამ ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენთვის, ძალიან საპასუხისმგებლო პრიზით დააფასეს.'' განაცხადა ,,კრისტალის'' გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის სამსახურის უფროსმა მაია ქობალიამ. 

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ს.ს მისო ,,კრისტალის'' სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ - არჩილ ბაკურაძემ ,,ძალიან დიდი მადლობა, ვამაყობ იმით, რომ ამდენი ვართ და ამ არაჩვეულებრივმა ორგანიზაციამ CSRDG-იმ და მისმა მხარდამჭერებმა შეძლეს მრავალწლიანი ძალისხმევის შედეგად, ამ მომენტის შექმნა. .... ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს აღიარება, იმიტომ რომ ჩვენი სექტორი მაინცდამაინც არ სარგებლობს კარგი რეპუტაციით და ჩვენ ჩვენი პროფესიონალური ღირსების საქმედ გავიხადეთ, დაგვემტკიცებინა, რომ ფინანსური სექტორი შეიძლება იყოს პასუხისმგებლიანი. მე ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია... აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი ჩვენს გუნდს - მთელს კრისტალს და კრისტალელებს, რომლებიც ვიცი, რომ ძალიან გახარებულები იქნებიან და გუშინ ჩვენ გადავაჭარბეთ 100 000 ნიშნულს, ანუ ჩვენ ვემსახურებით 100 000-ზე მეტ ძალიან მაგარ ადამიანს საქართველოში. იმედია, რომ ჩვენი საქმიანობით ხელს ვუწყობთ, ადამიანების განვითარებას და ასევე, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში შეგვაქვს მნიშვნელოვანი წვლილი. დიდი მადლობა ამ აღიარებისთვის კიდევ ერთხელ და წარმატებებს გისურვებთ.''

კონკურსი ხორციელდებოდა ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში.