სიახლეები

 „კრისტალი“   სოციალურ რეიტინგში  დაწინაურდა

„კრისტალი“ სოციალურ რეიტინგში დაწინაურდა

05 ნოემბერი 2020

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო მიკროფინანზას სოციალურ რეიტინგში დაწინაურდა და „A’’ შეფასება მიიღო. კომპანიამ ამ შედეგით კიდევ უფრო გააუმჯობესა 2019 წლის რეიტინგი „A-“.


რეგიონის მასშტაბით ფინანსურ სექტორში კრისტალი პირველი ორგანიზაციაა, რომელსაც სოციალური რეიტინგი „A“ აქვს მინიჭებული.

2020 წლის სოციალურ შეფასებაში კომპანიის რეიტინგის გაუმჯობესება მიუთითებს კომპანიის მაღალ პასუხისმგებლობას, რომელიც პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა. აღსანიშნავია ისიც, რომ რეიტინგის გაუმჯობესება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი  დასახული მდგრადი განვითარების მიზნებისკენ განუხრელი სწრაფვა და განგრძობადობა იყო.

 

შეფასების პროცესში „მიკროფინანზამ’’ ყურადღება გაამახვილა  2020 წელს კომპანიის მატერიალური და არამატერიალური რესურსების მობილიზების ისეთი ინიციატივებზე, რომელიც მნიშვნელოვან სარგებელს უკავშირდება, მათ შორის, მომხმარებლებზე ზრუნვა პანდემიის პერიოდში და მის თანმდევ სირთულეებთან გამკლავებაში ხელშეწყობა არაფინანსური სერვისებითაც, როგორიცაა კრისტალის ყოველკვირეული დისტანციური ტრენინგები ქალი მომხმარებლებისთვის, ასევე შეუფერხებელი სამუშაო პროცესი დისტანციურ რეჟიმში.

 

„მიკროფინანზასგან“ დადებითად შეფასდა ასევე  სოციალური გავლენის ყოველწლიური კვლევა და მონიტორინგი, რომელიც მიუხედავად შექმნილი პანდემიური სიტუაციისა, კომპანიაში კვლავ ჩატარდება. ამ მიმართულებით „კრისტალს“ წელს საერთაშორისო კომპანია „სერისი“ გაუწევს მომსახურებას.

 

„აღსანიშნავია, რომ „კრისტალის“ სტრატეგია ემყარება 3P-ის (People, Planet, Profit) პრინციპს, რომელიც გულისხმობს ფოკუსს ადამიანებზე (თანამშრომლები, მომხმარებლები, საზოგადოება), პლანეტასა და კომპანიის ფინანსურ მოგებაზე. კომპანიას  ასევე შერჩეული აქვს მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან (SDG) 6 მიზანი, რომელიც ინტეგრირებულია კრისტალის სტრატეგიის დოკუმენტში. დღეს, კორპორაციულ მდგრადობას, მომხმარებლებთან, ინვესტორებთან და ადგილობრივ თუ საერთაშორისო პარტნიორებთან ეფექტური კომუნიკაციის, სტაბილურობის უზრუნველყოფის, მდგრადი განვითარებისა და ბიზნეს რეპუტაციის გამყარების აუცილებელი ინსტრუმენტად მიიჩნევენ. „მიკროფინანზამაც“ კომპანიის სოციალური მიმართულებით შეფასებისას, სწორედ ამ ზემოთ-ჩამოთვლილ კრიტერიუმებზე გაამახვილა ყურადღება.“- აცხადებს კრისტალის გარემოსდაცვითი და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სამსახურის ხელმძღვანელი მაია ქობალია.