სიახლეები

კრისტალმა  მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ახალი საგარანტიო რესურსი მოიპოვა

კრისტალმა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ახალი საგარანტიო რესურსი მოიპოვა

14 იანვარი 2021

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“  სსიპ „აწარმოე საქართველოსთან“ თანამშრომლობის საფუძველზე საკრედიტო საგარანატიო პროგრამაში ჩაერთო.

საგარანტიო პროგრამა საქათველოს მთავრობამ  თავდაპირველად საბანკო სექტორისთვის შეიმუშავა. მოგვიანებით კი არსებული მდგომარეობის გაანალიზების საფუძველზე, დამატებით,  მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის შექმნა რეგულირებადი შესაძლებლობა, აითვისონ  30,000,000 მლნ. ლარის საგარანტიო ფონდი.

პროგრამა მიზნად ისახავს ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებას იმ მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა სრულად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილონ სესხის უზრუნველყოფისთვის არსებული მოთხოვნები და ამით, ხელი შეუწყოს  ეკონომიკის დაკრედიტებას, პანდემიით  გამოწვეული უარყოფითი გავლენის შემცირებასა და ქვეყნის ეკონომიკურ გაჯანსაღებას.

პორტფელის ანალიზის და  „აწარმოე საქართველოსთან“ თანამშრომლობის საფუძველზე,  ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალმა 17 მლნ. ლარამდე საგარანტიო ფონდი მოიპოვა.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ „საკრედიტო საგარანტიო პროგრამაში ჩართვა კრისტალს  საშუალებას აძლევს რისკების დაზღვევის საფუძველზე მეწარმეებისთვის კიდევ უფრო მეტად გაზარდოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და ამით, მაქსიმალურად უპასუხოს საქართველოში მოქმედი მცირე და საშუალო ბიზნესის კომპლექსურ საჭიროებებს როგორც COVID-19 პანდემიის პერიოდში, ასევე მის შემდგომ“.