სიახლეები

კრისტალი „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის 2020“ კონკურსის გამარჯვებულია

კრისტალი „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის 2020“ კონკურსის გამარჯვებულია

25 მარტი 2021

ათასწლეულის ფონდის მიერ ორგანიზებულ კონკურსში „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის 2020“,  ფინანსური ჩართულობის კომპანია კრისტალმა პირველი ადგილი დაიკავა და კონკურსის გამარჯვებული გახდა.

ღონისძიებაზე საქართველოში მოქმედი ის კომპანიები დაჯილდოვდნენ, რომლებიც თავიანთი საქმიანობით ხელს უწყობენ თანამშრომელი და კლიენტი ქალების განვითარებასა და გაძლიერებას.

კრისტალს კონკურზე წარდგენილი ჰქონდა ქალთა გაძლიერებისა და მხარდაჭერის მიმართულებით მიმდინარე პროექტები. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიას სტრატეგიულ გეგმაში ინტეგრირებული აქვს მდგრადი განვითარების მიზნები, მათ შორის მდგრადი განვითარების მიზანი/SDG #5 - გენდერული თანასწორობა. ამას გარდა, კრისტალმა კონკურსზე წარადგინა ქალი თანამშრომლების მენტორობის პროგრამა, რომელიც კომპანიაში გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად განხორციელდა.

საკონკურსო სააპლიკაციო ფორმებითა და ჩაღრმავებულ ინტერვიუში მონაწილეობის მიღებით, კომპანიის გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის სამსახურის ხელმძღვანელმა მაია ქობალიამ, საკონკურსო კომისიას, რომელშიც საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, საჯარო, არასამთავრობო და  კერძო სექტორის  წარმომადგენლები შედიოდნენ, დეტალურად გააცნო ქალთა გაძლიერების მიმართულებით განხორციელებული აქტივობები, მათ შორის: „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში (USAID YES Georgia)“ პროგრამისა და მისი კომპონენტების: კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლისა და ბაზ საქართველოს (Buzz Georgia) ქალთა გაძლიერების კომპონენტის ფარგლებში ჩატარებული ქალთა პიროვნული და სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების გაძლიერების ტრენინგები.

ბაზ საქართველოს კომპონენტის ფარგლებში, 2020 წლის ივნისიდან მოყოლებული დღემდე, 500-ზე მეტმა ქალმა შეიძინა და გაიღრმავა ცოდნა ისეთ აქტუალურ მიმართულებებში, როგორიცაა თავდაჯერებულობა, ფინანსური ცნობიერება, მეწარმისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, ნეთვორქინგი, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა.

 

კონკურსის შესახებ:

2016 წელს ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა საფუძველი ჩაუყარა ყოველწლიურ კონკურსს „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის,“ რომელიც მიზნად ისახავს გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური კომპაქტის მიერ ჩამოყალიბებული ქალთა გაძლიერების პრინციპების (UN WOMEN WEPs) პოპულარიზებას საქართველოში.

ბოლო ოთხი წლის მანძილზე კონკურსში 150-ზე მეტ კომპანიას აქვს მონაწილეობა მიღებული. გამარჯვებულ კომპანიებს შორის არიან ბანკები, უნივერსიტეტები, სადაზღვევო და სატელეკომუნიკაციო კომპანიები, სასტუმრო და სამშენებლო ინდუსტრიის წარმომადგენლები, ღვინის მწარმოებლები და ტექნოლოგიებისა და ენერგეტიკის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციები.