სიახლეები

არჩილ ბაკურაძე „მიკროსაფინანსო ცენტრის“ (MFC) დირექტორთა საბჭოს წევრად აირჩიეს

არჩილ ბაკურაძე „მიკროსაფინანსო ცენტრის“ (MFC) დირექტორთა საბჭოს წევრად აირჩიეს

04 მაისი 2021

კრისტალის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძე  საერთაშორისო ორგანიზაციის „მიკროსაფინანსო ცენტრის“ (MFC) დირექტორთა საბჭოს წევრად აირჩიეს


MFC-ის დირექტორთა საბჭოს არჩევნების შედეგები უკვე ოფიციალურად გამოცხადდა. საბჭოს ოთხი ახალი წევრი შეემატა, რომლებიც სამი წლის ვადით არიან არჩეული.

MFC-ის  ახალი დირექტორთა საბჭო საქმიანობას 2021 წლის მაისიდან შეუდგება.

„მიკროსაფინანსო ცენტრი ერთ-ერთი უძველესი და მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ქსელია. მინდა გამოვხატო ჩემი მადლიერება დირექტორთა საბჭოში არჩევასთან დაკავშირებით. მიკროსაფინანსო ცენტრი (MFC) გახლავთ არა მხოლოდ თანამშრომლობის ეფექტური პლატფორმა, არამედ ის საქმიანობს როგორც პროფესიული განვითარების მექანიზმი, რომელიც ემსახურება ფინანსური ჩართულობის ინდუსტრიის ეფექტურობასა და მისი საქმიანობის სტანდარტების დაცვას“ - აღნიშნავს არჩილ ბაკურაძე.

არჩილ ბაკურაძე საქმიანობს ფინანსებისა და ტექნოლოგიების სფეროში, არის საქართველოს წამყვანი ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. რამდენიმე წლის მანძილზე არჩილს ეკავა საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის თავმჯდომარის პოზიცია. ამავე დროს, ხელმძღვანელობდა კოალიციას ფინანსური განათლებისთვის.

1995 წელს მან დააფუძნა იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერის მიმართულებით საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაცია – საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA) და წლების განმავლობაში იკავებდა ამ ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას.

ის ფლობს ლანკასტერის უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის დიპლომს. არის ჩივნინგისა  და ჯონ სმიტის ფონდის სტიპენდიანტი. სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით ის ემსახურება ისეთი სამოქალაქო ინიციატივების განხორციელებას, როგორებიცაა ახალგაზრდა მეწარმეთა მხარდაჭერა, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და საპარლამენტო დემოკრატიის განვითარება. არჩილი ჰოლანდიის ლტოლვილთა ფონდის „Stichting Vluchteling“-ის ვან ჰოივენ გედჰარტის საერთაშორისო პრემიის ლაურეატია, 2019 წელს კი ის დასახელდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შერჩეულ 35 Chevening Changemakers შორის.

 

MFC შესახებ:

მიკროსაფინანსო ცენტრი აერთიანებს 114 ორგანიზაციას, მათ შორის 77 საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტს ევროპასა და  ცენტრალურ აზიაში, რომლებიც მიკროსაფინანსო მომსახურებას თითქმის 2 მილიონ დაბალშემოსავლიან მომხმარებელს უწევენ. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ-გვერდი: https://mfc.org.pl/