სიახლეები

100 ქალი მეწარმის ბაზარი

100 ქალი მეწარმის ბაზარი

19 ივლისი 2021

100 ქალი მეწარმის ბაზარი • 100 Female Entrepreneurs' Market - ამ სახელწოდებით დედაენის ბაღში ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლისა და  „ბაზ საქართველოს“ პროგრამის ბენეფიციარი ქალი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. გამოფენაზე დამთვალიერებლებს მათი წარმოებული პროდუქციის გაცნობის და შეძენის შესაძლებლობა ჰქონდათ. ღონისძიებაში მონაწილეობდა 100 მეწარმე ქალი როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან.

ღონისძიება USAID YES-Georgia-ს პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

გამოფენა-გაყიდვის მიზანი მეწარმე ქალების პროფესიული ზრდის, საქმიანი ურთიერთობების გაღრმავების, საკუთარი ბიზნესის და ნაწარმის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა იყო. ამას გარდა, ღონისძიება USAID YES-Georgia პროგრამის მიზნების და მისი პარტნიორების შესახებ ფართო საზოგადოების ინფორმირებას ემსახურებოდა.

ღონისძიებას აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი დაესწრო.

USAID YES-Georgia პროგრამა ხორციელდება ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით USAID-ის და ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის ინიციატივის (W-GDP) ფარგლებში. პროექტის განმახორციელებლი და თანადამფინანსებელი კი ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალია“.  ფინანსური რესურსების გარდა კრისტალის წვლილი მოიცავს მისი მენეჯმენტის და თანამშრომლების ჩართულობას, მომხმარებელზე მორგებულ ფინანსურ პროდუქტებსა და არაფინანსურ სერვისებს, მეთოდოლოგიურ მხარდაჭერას, რეგიონებში კომპანიის დისტრიბუციის ფართო ქსელს, რაც ქმნის სამეწარმეო განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას ახალგაზრდა და ქალი მეწარმეებისათვის.

როგორც კრისტალის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ ბაკურაძემ აღნიშნა, „კრისტალს და USAID-ს  მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ, რაც კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობის წარმატებული მაგალითია. სწორედ ამ  თანამშრომლობის კარგი ნიმუშია დღევანდელი ღონისძიება, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ქალი მეწარმეების გაძლიერებას როგორც პირადად მათი, ასევე მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობისა და პოპულარიზაციის გზით. ამას გარდა, ჩვენი მიზანია პროგრამის მონაწილეებს შორის საქმიანი კავშირ-ურთერთობების ჩამოყალიბებას, რაც მეწარმეობის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს“.

USAID-ის პროგრამა - „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID YES-Georgia) ინოვაციების წახალისებით, მეწარმეობის ხელშეწყობით და თვითდასაქმების დონის ამაღლებით მხარს უჭერს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას. ამასთან, სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების, ბიზნეს ტრენინგების, მენტორობის და ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესების გზით პროგრამა ეხმარება დამწყებ და უკვე გამოცდილ მეწარმე ქალებს და ახალგაზრდებს.

2024 წლისთვის, პროგრამის ფარგლებში 2500-ზე მეტ ქალ მეწარმეს ექნება უკეთესი წვდომა ცოდნაზე, ფინანსებსა და ბიზნეს სერვისებზე, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს თავიანთი ბიზნესები უფრო მაღალშემოსავლიან საწარმოებად გადააქციონ.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია