სიახლეები

 გახდი წარმატებული მეწარმე ქალი -  კრისტალისა და USAID-ის ერთობლივი კამპანია  გრძელდება

გახდი წარმატებული მეწარმე ქალი - კრისტალისა და USAID-ის ერთობლივი კამპანია გრძელდება

21 სექტემბერი 2021

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი და USAID დასავლეთ საქართველოში აგრძელებენ კამპანიას „გახდი წარმატებული მეწარმე ქალი“. კამპანიის ფარგლებში 21-23 სექტემბერს პროგრამის წარმომადგენლები იმერეთსა და სამეგრელოს რეგიონებში მცხოვრებ ქალებს შეხვდებიან, და მათ კამპანიის აქტივობებისა და სამეწარმეო საქმიანობის განვითარების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.   ინიციატივა USAID YES Georgia-ს ერთ-ერთი კომპონენტის - Buzz საქართველოს ნაწილია, რომელსაც კრისტალი USAID-თან ერთად უკვე 2020 წლის ივნისიდან  ახორციელებს.

 

კამპანია „გახდი წარმატებული მეწარმე ქალი“ რეგიონებში მცხოვრები ქალებისთვის ტრენინგების ჩატარებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, მათთვის ეკონომიკურ და სამეწარმეო საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელებაში უშუალოდ არიან ჩართულები კრისტალის გამოცდილი გუნდი, უშუალოდ მენეჯმენტის წევრები და თანამშრომლები, რომლებიც მონაწილეებს ცოდნის გაზიარებასთან ერთად, პრაქტიკულ ბიზნესკონსულტაციებსა და მენტორინგს სთავაზობენ.

რეგიონებში გასვლის პირველი ასეთი ღონისძიება 2021 წლის აპრილის თვეში იყო და მოიცვა ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, სამტრედია და შემოგარენი სოფლები. პროექტის ფარგლებში ჯამში ტრენინიგები უკვე გაიარა 680-მა ქალმა და ამჟამად ისინი საკუთარ საქმიანობებს წარმატებით უძღვებიან.

 

„კრისტალისთვის, რომლისთვისაც ქალთა გაძლიერება კორპორაციული ღირებულებების განუყოფელი ნაწილია და ამ მიმართულებით არაერთი ინიციატივა აქვს განხორციელებული, ეს პროექტი კიდევ ერთი ახალი ინსტრუმენტია, რომელიც დაგვეხმარება, მივწვდეთ რაც შეიძლება მეტ ქალ მეწარმეს, დავეხმაროთ მათ და კიდევ უფრო გავაღრმავოთ ქალთა ეკონომიკური გაძლიერებაში ჩვენი ჩართულობა და ამ გზით საკუთარი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაშიც, რაც მეწარმე ქალების მონაწილეობის გარეშე შეუძლებელი იქნება“, - აცხადებენ კომპანიაში.

 

პროექტის შესახებ:

USAID-ის პროგრამა - „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID YES-Georgia) ინოვაციების წახალისებით, მეწარმეობის ხელშეწყობით და თვითდასაქმების დონის ამაღლებით მხარს უჭერს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას. ამასთან, სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების, ბიზნეს ტრენინგების, მენტორობის და ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესების გზით პროგრამა ეხმარება დამწყებ და უკვე გამოცდილ მეწარმე ქალებს და ახალგაზრდებს.

 

პროგრამა ხორციელდება ფონდი კრისტალის მიერ, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით USAID-ის და ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში. პროექტს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას უწევს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალი.  „BUZZ საქართველო" USAID Yes-Georgia-ს პროგრამის „ახალგაზრდებისა და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში", ერთ-ერთი კომპონენტია

 

2024 წლისთვის, პროგრამის ფარგლებში 2500-ზე მეტ ქალ მეწარმეს ექნება უკეთესი წვდომა ცოდნაზე, ფინანსებსა და ბიზნეს სერვისებზე, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს თავიანთი ბიზნესები უფრო მაღალშემოსავლიან საწარმოებად გადააქციონ.