სიახლეები

„კრისტალმა“ ბიზნეს პროცესების მართვის ახალი სისტემა დანერგა

„კრისტალმა“ ბიზნეს პროცესების მართვის ახალი სისტემა დანერგა

18 ოქტომბერი 2021

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ ციფრული ტრანსფორმაციისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას აგრძელებს. სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს ძირითადი ბიზნეს პროცესების მართვის ახალი სისტემა - „ალტას“ პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის დანერგვაც კომპანიამ წარმატებით დაასრულა.

„ალტას“ პროგრამული უზრუნველყოფა, რომლითაც მანამდე არსებული ძირითადი ბიზნეს პროცესების მართვის სისტემა ჩანაცვლდა, გაცილებით მოქნილი და საბანკო სფეროში აპრობირებულია და  „კრისტალს“ საშუალებას აძლევს, მომხმარებელს თანამედროვე, მრავალფეროვანი, კონკურენტული ფინანსური პროდუქტები და სერვისები შესთავაზოს. ამავდროულად, სისტემის დახმარებით, კომპანიას შესაძლებლობა აქვს, საფუძველი ჩაუყაროს ახალ პროექტებს, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებას და, შესაბამისად, არა მარტო მეწარმეების, არამედ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.

ამას გარდა, ახალი პროგრამული უზრუნველყოფა კომპანიის თანამშრომლებისთვისაც მნიშვნელოვნად ამარტივებს შიდა სამუშაო პროცესებს, რაც თავის მხრივ კომპანიას მომსახურების უფრო მაღალ სტანდარტებზე გადასვლაში უწყობს ხელს.

„მომხმარებლებისთვის თანამედროვე სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზება ტექნოლოგიური პროცესების განახლებისა და მოდერნიზების გარეშე შეუძლებელია. „კრისტალისთვის“ ეს მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. შიდა პროცესების ავტომატიზაციასთან ერთად, ახალი სისტემის დანერგვა არაერთი ახალი ინიციატივის წამოწყებაშიც დაგვეხმარება. დანერგვის შედეგად  კომპანია მიიღებს მოქნილ საფინანსო პროგრამულ უზრუნველყოფას,  რომელიც „კრისტალს“ უფრო მეტი განვითარების საშუალებას მისცემს და, ფაქტობრივად, მას საქმიანობის ახალ ეტაპზე გადასასვლელად მოამზადებს.“ - აცხადებს „კრისტალის“ უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი ილია რევია.

„კრისტალმა“ დანერგვის პროექტი გასული წლის ბოლოს დაიწყო. პროექტის ფარგლებში სისტემის იმპლემენტაცია, ტესტირება, პროცესების და პროდუქტების ადაპტაცია და ცვლილება, მონაცემების მიგრაცია და სხვა ტექნიკური სამუშაოები განხორციელდა.

ამ პროცესში კომპანია აქტიურად თანამშრომლობდა "ალტა სოფთვეართან", რომელიც საბანკო სფეროში პროგრამული უზრუნველყოფის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მომწოდებელია.

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც ინოვაციური პროდუქტებით, ახლებური ხედვით, მომხმარებელთა მხარდაჭერით, განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომებითა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევა. იგი 20 წელზე მეტია, ქართულ ფინანსურ ბაზარზე ოპერირებს და 49 ფილიალის დახმარებით ემსახურება ქვეყნის მასშტაბით 120,000-ზე მეტ მომხმარებელს.