სიახლეები

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ ქვეყნის სატყეო რეფორმაში მიიღებს მონაწილეობას

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ ქვეყნის სატყეო რეფორმაში მიიღებს მონაწილეობას

04 ნოემბერი 2021

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ საქართველოს სატყეო რეფორმის განხორციელებაში მიიღებს მონაწილეობას. შესაბამისი თანამშრომლობის ხელშეკრულებას კომპანიამ და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ) ხელი უკვე მოაწერეს.

„კრისტალისა“ და GIZ-ის პარტნიორობა ქვეყნის სატყეო რეფორმის ერთ-ერთი კომპონენტის, ენერგოეფექტურობისა და ალტერნატიული საწვავის ბაზრის განვითარებას გულისხმობს. პროგრამის ფარგლებში, კომპანია დაფინანსების ხელმისაწვდომობას გაზრდის  და შექმნის სპეციალურ საკრედიტო პროდუქტს, რომელიც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას მისცემს, ენერგოეფექტური ღუმელი და შეშის ალტერნატიული საწვავი საშუალება სამომხმარებლო სესხით შეიძინონ. ჯამში, ამ მიზნით 10,500,000 ევროს ოდენობის დაფინანსება იქნება გამოყოფილი.

აღსანიშნავია, რომ პროექტში ჩართულია სოფლის განვითარების სააგენტოც, რომელიც ენერგოეფექტური ღუმელების ვაუჩერული პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებაზე იქნება პასუხისმგებელი. ინიციატივა ბაზარზე ენერგოეფექტური ღუმელების წილის 30%-მდე და ალტერნატიული საწვავის წილის 15%-მდე ზრდას ისახავს მიზნად.

სატყეო რეფორმა სულ სამ კომპონენტს მოიცავს: ტყის მდგრადი მართვა,  ბაზრის განვითარება ენერგოეფექტურობისა და ალტერნატიული საწვავისთვის და საარსებო საშუალებები და ადგილობრივი თვითმმართველობა ტყის მართვაში.

როგორც ხელმოწერის ცერემონიაზე „კრისტალის უფროსმა აღმასრულებელმა ოფიცერმა, ილია რევიამ აღნიშნა, GIZ-თან პარტნიორობა კომპანიის ერთ-ერთი სტრატეგიული მიზნის - გარემოზე ზრუნვისა და დაცვის მისაღწევადაა მნიშვნელოვანი: „ღირებულებებზე დაფუძნებული მოდელი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, ნათლად გამოხატავს „კრისტალის“ 3P პრინციპის დაცვას, რაც ფინანსურ, სოციალურ და გარემოსდაცვით შედეგებს თანაბრად ითვალისწინებს. მომხმარებლებისთვის ენერგოეფექტური ალტერნატივების შეთავაზებით, გვსურს ხელი შევუწყოთ ეკოლოგიურად უსაფრთხო გადაწყვეტილებების დაფინანსებასა და საქართველოს ტყეებზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას. კრისტალს, როგორც კომპანიას, რომელიც ფართო რეგიონული დაფარვით, მომხმარებელთა დიდი რაოდენობითა და ინოვაციური ფინანსური სერვისებითაა გამორჩეული, შეუძლია, სატყეო რეფორმის პროექტში ღირებული როლი შეასრულოს“ - აცხადებს ილია რევია.

ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსმა, კარლო ამირგულაშვილმა კი აღნიშნა, რომ სატყეო სექტორის რეფორმა და თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა ქვეყნისთვის პრიორიტეტული საკითხია. „ვფიქრობ, კერძო სექტორის ჩართულობა, მოქნილი საბანკო ოპერაციები და შეღავათიანი სესხები კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს შექმნის. ამავდროულად, ეს ხელს შეუწყობს საზოგადოების ინტერესის გაღვივებას კლიმატგონივრული ტექნოლოგიებისა და საბანკო შეთავაზებების მიმართ. მივესალმები კერძო სექტორთან თანამშრომლობას, განსაკუთრებით ტყის დაცვისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის სფეროში“, - განაცხადა მან.

 

პროექტი საქართველოს 3 სამიზნე რეგიონს -  კახეთს, გურიასა და მცხეთა-მთიანეთს მოიცავს. იგი მწვანე კლიმატის ფონდის (GCF), გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ),  საქართველოს მთავრობისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით ხორციელდება. მთლიანობაში პროექტს 7 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა, ეროვნული სატყეო სააგენტო (NFA), გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი (DES), გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი (EIEIC) და სოფლის განვითარების სააგენტო (RDA) GIZ-თან თანამშრომლობით განახორციელებენ.