სიახლეები

„კრისტალი“ ქალთა გაძლიერებისა და მხარდაჭერისთვის

„კრისტალი“ ქალთა გაძლიერებისა და მხარდაჭერისთვის

10 დეკემბერი 2021

„კრისტალი“, როგორც ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ერთ-ერთი პირველი ხელმომწერი კომპანია საქართველოში, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას უერთდება და კიდევ ერთხელ გამოხატავს ქალთა მხარდაჭერისთვის მზაობას.  

წელს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კერძო სექტორი მთავარ აქცენტს სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროების პრევენციასა და აღმოფხვრაზე აკეთებს. აღსანიშნავია, რომ „კრისტალი“ ორგანიზაციის შიგნით ქალთა გაძლიერებაზე, მათთვის უსაფრთხო და არადისკრიმინაციული გარემოს შექმნაზე, სექსუალური შევიწროების შესახებ თანამშრომელთა ინფორმირებაზე აქტიურად მუშაობს. მიმდინარე წელს კომპანიაში მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერებმა სპეციალური ელექტრონული კურსები გაიარეს და  დისკრიმინაციის, სექსუალური შევიწროებისა და გენდერული თანასწორობის შესახებ საკითხებში ცნობიერება აიმაღლეს. 

ელექტრონული კურსები, რომლებიც სახალხო დამცველის ოფისისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერითაა შექმნილი, განმარტებებს, პრაქტიკულ მაგალითებს, ვიდეოლექციებსა და შემაჯამებელ ტესტებს აერთიანებს, რაც სასწავლო პროცესს კიდევ უფრო შედეგიანსა და მარტივად აღსაქმელს ხდის. სულ მიმდინარე წელს სწავლება მენეჯერული რგოლის 32-მა თანამშრომელმა გაიარა და ეს პროცესი კიდევ გრძელდება. 

„ინფორმირება პრევენციის ერთ-ერთი ეფექტიანი ხერხია. დღეს ჩვენმა მენეჯერებმა ზუსტად იციან, რას ნიშნავს სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილას, როგორია ამ დაფარული პრობლემის ამოცნობისა და მასზე რეაგირების ხერხები. ამგვარი ინიციატივები გვეხმარება, სამუშაო ადგილზე არადისკრიმინაციული, თანასწორი, მხარდაჭერაზე ორიენტირებული გარემო გვქონდეს, რის გარეშეც ქალთა გაძლიერების მიღწევა შეუძლებელია“, - აცხადებენ კომპანიაში.

„კრისტალი“ საქართველოში მოქმედი ის ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო, რომელიც 2016 წელს გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი გახდა და ეს მიმართულება საკუთარი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიულ მიმართულებად აქცია. ამ პერიოდიდან „კრისტალი“ ქალთა გაძლიერებისთვის როგორც ორგანიზაციის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ საგანმანათლებლო, მენტორინგის, პროფესიული განვითარებისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით სისტემურ, მდგრად ინიციატივებს ახორციელებს. კომპანიას შემუშავებული აქვს შიდა სამოქმედო გეგმა, რომელიც გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ კონკრეტულ ამოცანებსა და ინდიკატორებს ასახავს. 

„კრისტალის“ მიერ ქალთა გაძლიერების მიმართულებით გადადგმული ქმედითი ნაბიჯები არაერთხელ აღინიშნა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების თუ ექსპერტების მიერ. ამის დასტურია საქართველოს სოციალური პასუხისმგებლობის ჯილდოს კონკურსში (CSR Award 2019) კომპანიის  გამარჯვება კატეგორიაში გენდერული თანასწორობა (Gender Equality, SDG #5) - მდგრადი განვითარების მიზანი #5.