სიახლეები

ვაქცინაცია „კრისტალში“:  კომპანიის თანამშრომლების 80% სრულად აცრილია

ვაქცინაცია „კრისტალში“: კომპანიის თანამშრომლების 80% სრულად აცრილია

23 დეკემბერი 2021

კრისტალმა პანდემიის დაწყების პირველივე ეტაპზე დაიწყო კომპანიაში პრევენციული ზომების გატარება და ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში, აქტიურად ჩაერთო. 

კომპანიაში COVID-19-ის ვაქცინაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. ამჟამად გუნდის 80% სრულად ვაქცინირებულია, რაც ხელს უწყობს კრისტალში დასაქმებული ადამიანებისა თუ მისი მომხმარებლებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას.  

„კრისტალი“, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, ვაქცინაციის პროცესში 15 მარტიდანვე ჩაერთო. ორგანიზაციაში საინფორმაციო-სამოტივაციო კამპანია „აიცერი და განაგრძე განვითარება“ დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, კრისტალელებისთვის ცნობიერების ასამაღლებელი და წამახალისებელი არაერთი ღონისძიება ჩატარდა. კამპანიის მიზანი ვაქცინაციის მიმართულებით თანამშრომელთა მოტივაციისა და აცრის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.

მენეჯმენტმა ვაქცინაციის პროცესში განსაკუთრებული აქცენტი თანამშრომლების სწორ, დროულ ინფორმირებასა და სარეკომენდაციო ხასიათის გზავნილებზე გააკეთა. 

ამ მიზნით, შიდა საკომუნიკაციო პლატფორმაზე სისტემატურად ქვეყნდებოდა ვირუსის მართვასთან და ვაქცინაციასთან დაკავშირებული საჭირო, გადამოწმებული, ფაქტებითა და სტატისტიკით გამყარებული, დაზუსტებული ინფორმაცია, რამაც ხელი შეუწყო თანამშრომლების ინფორმირებას და დაეხმარა მათ გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღებაში. 

ამას გარდა, ტარდებოდა საინფორმაციო შეხვედრები დარგის სპეციალისტებისა და ექიმების მონაწილეობით, რომელთა მიმდინარეობისა თანამშრომლები ვაქცინაციასთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას იღებდნენ, შეეძლოთ კითხვების დასმა და უშუალოდ სპეციალისტებისგან იღებდნენ პასუხებს მათთვის საინტერესო კითხვებზე.  კომპანიის შესაბამისი დეპარტამენტის წარმომადგენლები სისტემატურად უწევდნენ კონსულტაციას ვაქცინაციით დაინტერესებულ თანამშრომლებს და აცნობდნენ სიახლეებს ვაქცინაციის კუთხით. 

შიდა საკომუნიკაციო კამპანიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა თანამშრომელთა მოტივაცია და მათი ჩართულობა. ამ მიზნით ჩატარდა სამოტივაციო შეჯიბრი ფილიალებს შორის, ვაქცინირებული თანამშრომლების დაჯილდოება და სხვა წამახალისებელი აქტივობები. აღსანიშნავია, რომ კამპანიაში ჩართულები იყვნენ და მონაწილეობას ახლაც აგრძელებენ აცრილი თანამშრომლები, რომლებიც კოლეგებს საკუთარ დამოკიდებულებას და გამოცდილებას უზიარებენ. ამას გარდა, ვაქცინირებული თანამშრომლები სპეციალური სამაგრებით „მე ავიცერი“ როგორც კომპანიის შიგნით, ისე მომხმარებლებს შორის ვაქცინაციის პოპულარიზაციას მუდმივად ეწევიან. 

პერიოდულად ტარდებოდა თანამშრომელთა გამოკითხვები, რომლის შედეგები მნიშვნელოვნად ეხმარებოდა მენეჯმენტს ახალი გადაწყვეტილებების მიღებაში. 

„ვაქცინაციის ეფექტიანად წარმართვა, რომელიც პანდემიის დასრულების ერთადერთი გზაა, თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. ამ პროცესში განსაკუთრებული როლი აქვს ბიზნესს, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ღონისძიებები, რომლებიც ორგანიზაციის შიგნით ვაქცინაციის წასახალისებლად გავატარეთ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ისინი უსაფრთხო გარემოს ქმნის არა მარტო კრისტალში მომუშავეებისთვის, არამედ იმ უამრავი მომხმარებლისთვის, რომლებსაც ყოველდღიურად ვემსახურებით. ამით კი ჩვენი მცირედი  წვლილი შეგვაქვს გლობალური პანდემიის დამარცხებაში“, - აცხადებენ „კრისტალში“. 

კომპანია ვაქცინაციის პოპულარიზაციის კუთხით მუშაობას აგრძელებს და ამ მიმართულებით სხვადასხვა საინფორმაციო და სამოტივაციო აქტივობის განხორციელებას კვლავაც გეგმავს.