21 მარტს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნება
კრისტალის გუნდი უერთდება სოლიდარობის გლობალურ კამპანიას, რომლის მიზანი დაუნის სინდრომის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. ტრადიციულად, ამ დღის აღსანიშნად, სათაო ოფისში სპეციალური კუთხე მოეწყო, სადაც თანამშრომლებს “ჭრელი წინდებით” ფოტოების გადაღება და დაუნის სიდრომის შესახებ ინფორმაციის მიღება შეეძლოთ.
უკვე ტრადიციად იქცა მარტის თვეში ჭრელი წინდების გამოჩენა. ამ დღეს ადამიანები ერთმანეთს, სწორედ კამპანიის მთავარი სიმბოლოს – „ჭრელი წინდების“ ჩუქნიან. ამ წინდების რეალიზაციიდან შემოსული თანხა სრულად ხმარდება დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების საჭიროებებს.
ჭრელი წინდები სოციალური საწარმო „ბაბალეს“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტია. წინდების უკან დგას ისტორიები, რომლის გმირები რეალური ადამიანები არიან. ადამიანები, რომლებმაც ქვეყანაში შეცვალეს დამოკიდებულებები, საზოგადოებას დაანახეს, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები სოციუმის განუყოფელი ნაწილი და სრულფასოვანი წევრები არიან.
2024 წლის წინდების დიზაინი, ცნობილი ქართველი მხატვრების და დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდების ერთობლივი ნახატების ესკიზებით შეიქმნა.
კამპანიის წლევანდელი გზავნილია “ერთად დავასრულოთ სტერეოტიპები”. სწორედ სტერეოტიპებმა შეიძლება გამოიწვიოს არასწორი ქცევა და დააზიანოს ადამიანები. ამიტომ, მნიშვნელოვანია სტერეოტიპებთან ბრძოლა და დაუნის სინდრომის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
ინფორმაციისთვის:
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე – 21 მარტი – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წელს ოფიციალურად იქნა მიღებული.
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ სქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია“ , რომელიც დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების და მათი მშობლების მიერ დაფუძნდა, პარტნიორებთან ერთად ცნობიერების ამაღლების კამპანიას უკვე 13 წელია ახორციელებს. კამპანიაში ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ორგანიზაცია და ადამიანი ერთვება.
ასოციაციას აქვს სოციალური საწარმო „ბაბალე“, რომელიც დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს ასაქმებს და „გიგოს ფონდი“, რომელიც მათ ჯანმრთელობის მეთვალყურეობაზე ზრუნავს.
წინდების შესაძენად გადადით ბმულზე >>> ბაბალე | წინდები (babale.ge)