Search
ყველა შედეგი

გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, კრისტალმა საფონდო ბირჟაზე 25 მლნ ლარის ღირებულების გენდერული ობლიგაციები განათავსა

10 თებერვალი, 2023 – გალტ & თაგარტის მხარდაჭერით და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ განხორციელებული ინვესტიციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალმა საფონდო ბირჟაზე ორწლიანი გენდერული ობლიგაციები განათავსა.

საქართველოს ბანკის, როგორც თანაინვესტორის და აზიის განვითარების ბანკის, როგორც მთავარი ინვესტორის მხარდაჭერით, ფასიანი ქაღალდების ჯამური ღირებულება 25 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. აზიის განვითარების ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 18.75 მილიონი ლარია, საქართველოს ბანკის წილი კი 6.25 მილიონ ლარს შეადგენს.

ეს არის პირველი შემთხვევა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და საქართველოში, როდესაც საფონდო ბირჟაზე გენდერული ობლიგაციების ჩაშვება განხორციელდა.

Crystal-ის გენდერული ობლიგაციები სოციალურ ხასიათს ატარებს და მის მიზანს გენდერული თანასწორობისა და ქალების გაძლიერების ხელშეწყობა წარმოადგენს. შესაბამისად, ობლიგაციები მიმართულია ქალების მიერ დაფუძნებული მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების დაფინანსებისა და მათი ეკონომიკური გაძლიერებისკენ.

გენდერული ობლიგაციების ბირჟაზე განთავსება ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რადგან მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესები საქართველოს ეკონომიკაში გადამწყვეტ როლს ასრულებენ – ისინი ქვეყანაში ქმნიან სამუშაო ადგილების ნახევარზე მეტს. თუმცა, მათი ზრდა შეფერხებულია ფინანსებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობის გამო. ამ კონტექსტში, განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს კი ქალები წარმოადგენენ.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, თავის მხრივ, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მოწყვლადი ჯგუფებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის პროცესში, განსაკუთრებით კი დაბალი შემოსავლების მქონე მსესხებლებისთვის, რომლებიც რურარულ გარემოში ცხოვრობენ.

„მოხარული ვარ გაცნობოთ კრისტალსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის პირველი პარტნიორობის შესახებ. კრისტალი ყოველთვის  იყო მდგრადი დაფინანსების და მცირე მეწარმეების აქტიური მხარდამჭერი, რაც დასტურდება მრავალი კორპორაციული ჯილდოთი და საინვესტიციო გარიგებებით. მოცემული ტრანზაქცია არის ADB-ს და ჩვენი საერთო ღირებულებების ნათელი მაგალითი და ემსახურება საქართველოში მეწარმე ქალებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზანს. ასევე, მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს – საქართველოს ბანკს და Galt & Taggart-ს ტრანზაქციის აქტიური მხარდაჭერისთვის და ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“ – აღნიშნა „კრისტალის“ უფროსმა აღმასრულებელმა ოფიცერმა ილია რევიამ.

“ადგილობრივი სავალუტო ობლიგაციები ემსახურება იმ ფინანსური ხარვეზების შევსებას, რომელიც ხელს უშლის განვითარებად ქვეყნებს, მიაღწიონ მდგრად და ინკლუზიურ განვითარებას. შესაბამისად, ზემოთხსენებული ობლიგაციები ხელს უწყობს კერძო სექტორის მიერ კაპიტალის ეფექტურ მართვას. ამასთანავე, ეს ტრანზაქცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თემატური ობლიგაციების შესახებ ცნობიერების ამაღლების გზით ხელს შეუწყობს საქართველოში კაპიტალის ბაზრის გაღრმავებას და ქალების მიერ მართული მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას“, – აღნიშნა ADB-ის კერძო სექტორის საფინანსო ინსტიტუტების განყოფილების დირექტორმა კრისტინ ენგსტრომმა.  

„მოხარული ვარ, რომ გალტ & თაგარტი აქტიურად იყო ჩართული ასეთი უპრეცენდენტო გარიგების წარმატებით განხორციელებაში, განთავსებისა და კალკულაციის აგენტის როლში. ეს ტრანზაქცია „კრისტალისა“ და „გალტ & თაგარტის“ მესამე ერთობლივი განთავსებაა, რაც მეტყველებს როგორც  „კრისტალის“ სანდოობაზე, ასევე, ინვესტორების მხრიდან ზოგადად მსგავს ტრანზაქციებზე ნდობის ზრდაზე. აღსანიშნია, გარიგების უნიკალური მახასიათებელი, რაც გულისხმობს პირველი გენდერული ობლიგაციების განთავსებას საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე. ვიმედოვნებთ, მომავალში არა ერთი მსგავსი ტრანზაქცია განხორციელდება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლარის ობლიგაციების ემისიებისთვის. მსურს, მადლობა გადავუხადო და მივულოცო გალტ & თაგარტის მთელ გუნდს მორიგი წარმატებული და საინტერესო გარიგებისთვის. გალტ & თაგარტი საქართველოს ბაზარზე წლებია წამყვანი საინვესტიციო ბანკის როლში ეფექტურად თანამშრომლობს როგორც კერძო და საჯარო სექტორის სხვადასხვა წარმომადგენელთან, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან“ – განაცხადა ოთარ შარიქაძემ,  „Galt & Taggart”-ის მმართველმა დირექტორმა.

კრისტალის შესახებ: კრისტალი საქართველოს წამყვანი ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც  400 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორტფელს მართავს, დასაქმებული ჰყავს 1,000-ზე  მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 50 ფილიალით და ქვეყნის მასშტაბით 130,000-მდე მომხმარებელს ემსახურება. კრისტალი, როგორც ეკონომიკური განვითარების პლატფორმა, მიკრო და მცირე მეწარმეებსა და ფერმერებს მათზე მორგებულ ინოვაციურ ფინანსურ პროდუქტებსა და მომსახურებას სთავაზობს. იგი პირველი არასაბანკო საფინანსო ორგანიზაციაა რეგიონში, რომელმაც გლობალური სარეიტინგო სააგენტოს, FitchRatings-ის შეფასება მოიპოვა. 2018 წლის დეკემბერში „კრისტალი“  საქართველოში წლის პასუხისმგებლიან ბიზნესად დასახელდა და „მელიორა 2018“-ის მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა.

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.