„კრისტალ კონსალტინგის“ მხარდაჭერით ქართული ბრენდები ევროპაში ექსპორტზე გადის
,,კრისტალი“-ს შვილობილი კომპანია „კრისტალ კონსალტინგისა“ და ტარტუს კრეატიული ინდუსტრიების ცენტრის ერთობლივი სასწავლო პროგრამის, “Going Global Georgia”-ს მხარდაჭერით, ტიხრული მინანქრის მწარმოებელი ქართული ბრენდები „PIGMALIONI“ და „MAGDA Jewelry“ პროდუქციას ევროპაში ექსპორტზე გაიტანს.
“Going Global Georgia”-ს გამარჯვებული 6 ქართველი მეწარმე ქალი სასწავლო ვიზიტით ესტონეთში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, ისინი ტალინსა და ტარტუში ცნობილ ესტონურ კომპანიებს სტუმრობდნენ და გამოცდილი ბიზნესლიდერებისგან ინდივიდუალური კონსულტაციები მიიღეს.
Going Global Georgia -ს გამარჯვებულები ტარტუს კრეატიულ ინდუსტრიების ცენტრში წარმატებულ ესტონელ მეწარმე ქალებსა და “ბიზნეს და პროფესიონალ ქალთა ასოციაციის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის დროს მათ საკუთარი საქმიანობები წარადგინეს, ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და საკუთარი გამოცდილება გააზიარეს.
ვიზიტის ფარგლებში საქმიანი კავშირებიც შედგა. ქართული ტიხრული მინანქრის სამკაულების ბრენდები „PIGMALIONI“ და „MAGDA Jewelry“, რომელთა დამფუძნებელიც მარიამ ჩიკოპაიძეა, პირველ ექსპორტზე გავა ესტონეთში.
მარიამი „კრისტალ კონსალტინგისა“ და ტარტუს კრეატიული ინდუსტრიების ცენტრის ერთობლივი სასწავლო პროგრამის, Going Global Georgia -ს ერთ-ერთი გამარჯვებულია. „ესტონეთში ვიზიტი და პროექტში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ცოდნისა და გამოცდილების მიღებასთან ერთად, საშუალება მომეცა, ესტონელი პარტნიორები შემეძინა და ჩემ მიერ წარმოებული სამკაულები ექსპორტზე გამეტანა. ეს არის პირველი დიდი რეალიზაცია პანდემიის შემდეგ და პირველი საერთაშორისო პარტნიორობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი წარმოებისთვის. ეს წარმატება Going Global Georgia-ში მონაწილეობის დამსახურებაა. პროგრამამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა“ – აცხადებს მარიამი.
აღსანიშნავია, რომ ექსპორტზე გასვლას ელოდება კიდევ ორი მეწარმე ქალი – რუსუდან მითაგვარია, რომელიც ლიქიორს „დეადემას“ ბრენდით აწარმოებს და თამარ კობახიძე, რომელიც საბავშვო პროდუქტებსა და განმავითარებელ სათამაშოებს „ჰენდიკრაფტის“ ბრენდით ამზადებს. Going Global Georgia-ში ჩართულობა მათთვის უდიდესი სტიმული აღმოჩნდა.
„ის მხარდაჭერა და მენტორინგი, რომელიც პროგრამამ აღმოგვიჩინა, ძალიან ღირებულია ჩვენი სამომავლო საქმიანობისა და წარმატებისთვის. ბრენდინგის მიმართულებით უდიდესი ცოდნა მივიღე, დავხვეწე „დეადემას“ დიზაინი, შევქმენი ლოგო, დავრეგისტრირდი linkedIn-ის პლატფორმაზე, რომელსაც ახალი, აქტიური კავშირები მოჰყვა. ესტონეთში საქმიანი კონტაქტების დამყარება განსაკთრებულ მოტივაციას მაძლევს, რომ ჩემი ბიზნესი განვავითარო“, – ამბობს კომპანია DeaDema-ს დამფუძნებელი რუსუდან მითაგვარია.
კომპანია „ჰაინდკრაფტის“ დამფუძენებელი თამარ კობახიძე კი აღნიშნავს, რომ ესტონეთში ჩატარებული შეხვედრები ექსპორტის თვალსაზრისით განსაკუთრებით პერსპექტიული აღმოჩნდა: „ფსიქოლოგებს, ფსიქიატრებს, საბავშვო ბაღებისა და დღის ცენტრების პედაგოგებსა და წარმომადგენლებს შორის ჩვენმა განმავითარებელმა წიგნებმა დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც ესტონეთის რამდენიმე საბავშვო ბაღში ჩვენს პროდუქციას შევიტანთ“, – აცხადებს ის კომპანია Handicraft-ის დამფუძნებელი თამარ კობახიძე.
პროგრამა Going Global Georgia 2021 წელს დაიწყო. მისი მიზანი მეწარმეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და სტარტაპების, მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერაა. პროგრამა ხელს უწყობს მათ, ბიზნესსაქმიანობის ციფრულად წარმოების ცოდნა გაიუმჯობესონ და შედეგად, მეტი სარგებლის მიღება შეძლონ. Going Global Georgia-ს ფარგლებში, მონაწილეებისთვის ტრენინგები 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროგრამის ბოლოს კი სასწავლო ვიზიტის მონაწილეები კონკურსის შედეგად შეირჩნენ.
„ესტონეთში, ქართველი მეწარმე ქალების პროდუქციამ დიდი მოწონება დაიმსახურა. იმედი გვაქვს, რომ მოთხოვნა და გაყიდვები გაიზრდება. ჩვენი მთავარი მიზანიც სწორედ ეს იყო: მხარი დაგვეჭირა მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებული მეწარმე ქალებისთვის და დავხმარებოდით მათ საკუთარი ბიზნესების განვითარებასა და ახალ საფეხურზე გადასვლაში“, – აცხადებს „კრისტალ კონსალტინგის“ აღმსრულებელი დირექტორი გიორგი ჯანელიძე.
„კრისტალ კონსალტინგის“ ძირითადი საქმიანობა მეწარმე ქალების ეკონომიკური გაძლიერება და მხარდაჭერაა. ორგანიზაცია, როგორც საკონსულტაციო პლატფორმა, 2019 წელს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალმა“ სწორედ ქალთა გაძლიერების მიზნით დააფუძნა. „კრისტალ კონსალტინგი“ მეწარმე ქალებს ბიზნესკონსულტაციებსა და მენტორობას ისეთ საკითხებზე უწევს, როგორებიცაა ბიზნესის მართვა, მომხმარებლებთან ურთიერთობა, ბრენდინგი და მარკეტინგი, ადამიანური რესურსების მართვა და სხვა. ინოვაციური პლატფორმის დახმარებით, „კრისტალი“ მეწარმე ქალებს ეკონომიკური წარმატებისთვის საჭირო და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ცოდნით, ინფორმაციით, უნარებითა და კავშირებით უზრუნველყოფს.
პროგრამა Going Global Georgia განვითარების თანამშრომლობის ფონდის ფარგლებში, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.