კრისტალი BARTA 2023-ის გამარჯვებულია
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის კონკურსის BARTA 2023 საპატიო ჯილდოს მფლობელია, რომელიც მას მსხვილი საფინანსო კომპანიის კატეგორიაში გადაეცა. კრისტალმა ამ მიმართულებით დამსახურებული აღიარება , უკვე მეხუთედ მოიპოვა.
BARTA საქართველოში 2019 წლიდან ტარდება და მის მიმართ ინტერესი სულ უფრო და უფრო იზრდება. საგულისხმოა, რომ „კრისტალი“ კონკურსში დაარსებიდან მონაწილეობს. წელს განაცხადი 29 კომპანიას ჰქონდა წარდგენილი, გამარჯვებულები კი საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლინა.
„გამჭვირვალე ფინანსური ანგარიშგება ინვესტორებისთვის ამა თუ იმ კომპანიის შესახებ ინფორმაციის ღირებულ წყაროს წარმოადგენს. დოკუმენტი ნათლად წარმოაჩენს, როგორია ფინანსური ორგანიზაციის ღირებულებები, მაჩვენებლები, მმართველობის ხარისხი, ფინანსური მდგრადობა და საინვესტიციო პოტენციალი. შესაბამისად, ის ინვესტირების გადაწყვეტილებაზეც საკვანძო გავლენას ახდენს. ამავდროულად, გამჭვირვალე ფინანსური ანგარიშგება მნიშვნელოვანია მომხმარებლებთან ნდობის გასამყარებლადაც და ხელს უწყობს კომპანიის რეპუტაციის გამყარებასა თუ ზრდას. საგულისხმოა, რომ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში მაღალი სტანდარტის, გამჭვირვალე ფინანსური ანგარიშგების მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდება”, – აღნიშნავს კრისტალის უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი, ილია რევია.
BARTA მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის მიერ, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან თანამშრომლობით იმართება. კონკურსის მიზანი ქართული კომპანიების ანგარიშგების და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლება, ახალ წესებთან შესაბამისობის წახალისება, კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობა და კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტის გაუმჯობესებაა, რაც ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე ინვესტორთა ნდობის მოსაპოვებლად და მათ მოსაზიდად, ასევე მნიშვნელოვანია. მდგრადი და სისტემური ანგარიშგების მიმართულებით აღიარება ხელს უწყობს ნდობის ხარისხის ზრდას და კომპანიის საქმიანობით დაინტერესებულ პირებთან ღია და გამჭვირვალე კომუნიკაციას.