კრისტალი კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსის გამარჯვებულია
„კრისტალის“ პროექტი „ქალთა გაძლიერება უთანასწორობის შესამცირებლად“ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსის გამარჯვებულია. კომპანიამ ჯილდო შემცირებული უთანასწორობის (მდგრადი განვითარების მიზანი 10/SDG 10) ნომინაციაში, მსხვილი ბიზნესის კატეგორიაში მიიღო. კრისტალის მიერ წარდგენილ პროექტში ის მრავალფეროვანი საქმიანობა და პროექტები ასახა, რომლებსაც კომპანია მეწარმე ქალების მხარდასაჭერად ახორციელებს.
ქალების, მათ შორის მეწარმეების გაძლიერება და მხარდაჭერა „კრისტალის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. კომპანია საგანმანათლებლო, მენტორინგის, პროფესიული განვითარებისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით, სისტემურ, მდგრად ინიციატივებს მუდმივად ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტების განხორციელებაში უშუალოდაა ჩართული „კრისტალის“ გამოცდილი გუნდი — მენეჯმენტის წევრები თუ ფილიალების წარმომადგენლები, რომლებიც ტრენინგებით, ეკონომიკურ და სამეწარმეო საქმიანობაში დახმარებით, ქალებს არა მარტო ახალი გამოცდილების და უნარების მიღებაში, არამედ მათი საქმიანობისა და ზოგადად, თემების ცხოვრების გაუმჯობესებაშიც შეაქვთ წვლილი.
„წლევანდელ კონკურსზე წარდგენილი პროექტი „ქალთა გაძლიერება უთანასწორობის შესამცირებლად“, სრულად ასახავდა კომპანიის ხედვას და კრისტალის მიერ ქალთა გაძლიერების მიმართულებით განხორციელებული თუ მიმდინარე პროექტებს, რამაც საბოლოო შედეგი და აღიარება მოიტანა.
ეს აღიარება ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობა და მოტივაციაა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა კვლავაც ენთუზიაზმით გავაგრძელოთ. მიღებული ჯილდოს უკან ჩვენი გუნდის, თითოეული კრისტალელის უდიდესი შრომა დგას, რათა კომპანიის ბიზნესსაქმიანობასთან ერთად, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივები მდგრადი, სასარაგებლო და რეალურად პოზიტიური ცვლილებების მომტანი იყო ქართული საზოგადოებისთვის” – აღნიშნავს კრისტალის უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი, ილია რევია.
„კრისტალი“ კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული უკვე მესამედ გახდა. 2019 წელს კომპანიამ კატეგორიაში „გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება“ გაიმარჯვა, 2020 წელს კი ჯილდო კატეგორიაში „გონივრული მოხმარება და წარმოება“ პროექტისთვის „მწვანე დაფინანსება“ მოიპოვა.