კრისტალი მეწარმე და თემის ლიდერი ქალების პიროვნულ და ეკონომიკურ გაძლიერებას აგრძელებს
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია “კრისტალი” მეწარმე და თემის ლიდერი ქალების გაძლიერების პროგრამას აგრძელებს.
მეწარმე ქალების გაძლიერების სხვადასხვა პროექტისა და ინიციატივის ფარგლებში, რომლებსაც “კრისტალი”მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს, უკვე ათასობით ქალია ჩართული. გასულ კვირას ჩატარებული მასტერკლასებით კი მათ გენდერული სტერეოტიპებისა და კოგნიტური მიკერძოებების, ფინანსური დაზოგვისა და პრეზენტაციის უნარების მიმართულებებით ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს.
შეხვედრის მონაწილეებს კრისტალის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძეც შეხვდა და აღნიშნა, რომ „ლიდერი ქალების მხარდაჭერას თემების გაძლიერებაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ის განსაკუთრებულ როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. „კრისტალი“ ამაყობს, რომ თავის საქმიანობით საკუთარი წვლილი შეაქვს ამ პროცესში. ჩვენთვის ქალების, განსაკუთრებით კი რეგიონებში მცხოვრები მცირე, საშუალო და მიკრო მეწარმეების ეკონომიკური გაძლიერება და მდგრადი ხელშეწყობა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება“.
შეხვედრა მოიცავდა ფინანსური განათლების ნაწილსაც: ქალებს საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი თამთა შვანგირაძე შეხვდა და მათ დაზოგვის ინსტრუმენტებზე, მის აუცილებლობასა და მიზნობრიობაზე ესაუბრა.
აღსანიშნავია, რომ საკუთარი გამოცდილება ლიდერმა მეწარმე ქალებმაც გააზიარეს: ისაუბრეს, თუ რა გზა გაიარეს, რა დაბრკოლებებისა და სირთულეების გადალახვა მოუწიათ ამ გზაზე, როგორი იყო „კრისტალთან“ თანამშრომლობის პირველი ნაბიჯები და რა მნიშვნელობა აქვს ახლა მათთვის კომპანიის მხრიდან გაწეულ ამგვარ მხარდაჭერას. საგულისხმოა, რომ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას ისინი საკუთარ თემებში, სხვა ქალებს შორის ავრცელებენ, რითაც ხელს უწყობენ რეგიონებში თემების გაძლიერებასა და მეტი დოვლათის შექმნას.
უკვე 25 წელზე მეტია, „კრისტალი“ საქართველოში მცხოვრები მეწარმე ქალებისა და მათი თემების ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს. ამ მხარდაჭერის ფარგლებში, კომპანიამ წლების განმავლობაში არაერთი ინოვაციური პროექტი განახორციელა. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული კი საერთაშორისო პლატფორმასთან – Buzz Women Global-თან თანამშრომლობაა.
როგორც ცნობილია, “კრისტალი” აქტიურად ემზადება საბანკო ტრანსფორმაცისთვის. საგულისხმოა, რომ ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო ეტაპზეც კომპანია კორპორაციული ღირებულებებისა და მეწარმე ქალების პიროვნული თუ ეკონომიკური გაძლიერებისა და მხარდაჭერის ერთგულია.