კრისტალი ქალთა გაძლიერებისთვის
„კრისტალისთვის“, როგორ გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანიისთვის, განსაკუთრებით საამაყოა იმ ქალების წარდგენა, რომლებმაც პირველი საქმიანი ნაბიჯები ჩვენს ორგანიზაციაში გადადგეს, დროთა განმავლობაში კი კარიერულად მნიშვნელოვნად განვითარდნენ. კომპენსაციებისა და HR სერვისების განყოფილების ხელმძღვანელი თეონა კიკვაძე, რომელსაც ახლა გაგაცნობთ, სწორედ ერთ-ერთი მათგანია.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ თეონა ქუთაისში დაბრუნდა.
ქალაქში მოძრაობისას „კრისტალის“ N1 ფილიალს პრაქტიკულად ყოველდღე ხედავდა და მის წარმოდგენაშიც კომპანია მუდამ ამ ფილიალთან ასოცირდებოდა. ერთ დღესაც თეონამ შეიტყო, რომ „კრისტალის“ სწორედ ამ ფილიალში ადმინისტრატორის ვაკანსია იყო გამოცხადებული. გარკვეული გამოცდილება ამ კუთხით უკვე ჰქონდა და საოფისე საქმიანობაც მოსწონდა, ამიტომ გადაწყვიტა, ეცადა. როცა შეხვედრაზე მივიდა, გარემო იმდენად მოეწონა, რომ იფიქრა: ალბათ, აქ ვინც მუშაობს, ძალიან ბედნიერიაო. გასაუბრებიდან მალევე დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ამიერიდან ისიც ერთ-ერთი კრისტალელი იყო.
ქუთაისი N1 ფილიალის ადმინისტრატორობა იმერეთის ყველა ფილიალთან კავშირსა და მათ ადმინისტრირებას გულისხმობდა. „საქმე საკმაოდ შრომატევადი იყო, თუმცა ეს მომწონდა. იმ დროს ჩემთვის ყველაფერი სიახლე იყო და მსიამოვნებდა საქმის კეთება. განსაკუთრებით ფრონტ ოფისის გამოცდილება და მომხმარებლებთან ურთიერთობა მიზიდავდა. პერიოდულად HR მენეჯერსაც ვეხმარებოდი“, – აღნიშნავს თეონა.
თეონას შრომისმოყვარეობა და მოტივაცია შეუმჩნეველი არ დარჩენილა. მალე მან ახალი შემოთავაზება მიიღო და HR გუნდს შეუერთდა.
„ფრაზა, რომელიც მაშინ ჩემს ხელმძღვანელს მისწერეს, არასდროს დამავიწყდება. ეს ფილიალი „კადრების სამჭედლო“ იყო და მე, როგორც იქ გამოწრთობილი თანამშრომელი, HR გუნდისთვის სასურველი და საჭირო ვიყავი. ასე გავხდი 2013 წელს „კრისტალის“ HR სპეციალისტი და მუშაობა გავაგრძელე სათავო ოფისში, სადაც არაჩვეულებრივი გარემო და განწყობა დამხვდა“,- იხსენებს თეონა.
პატარა კომპანიისთვის უფრო მჭიდრო ურთიერთობებია დამახასიათებელი, თუმცა თეონა ამბობს, რომ გაფართოების მიუხედავად, „კრისტალი“ ამ კორპორაციული კულტურის შენარჩუნებას წარმატებით ახერხებს. მასშტაბის ზრდამ მხოლოდ მისი საქმიანობა შეცვალა: თეონას მიმართულება ცალკე გამოიყო, თავად კი მოტივაციისა და ჯამური კომპენსაციის ოფიცერი გახდა.
ახალ პოზიციას მოკლე დროის შუალედით ორი დეკრეტული შვებულება მოჰყვა, თუმცა სამსახურში დაბრუნებულს, ადაპტაციაში ხელმძღვანელების ნდობა, კეთილგანწყობა და მხარდაჭერა დაეხმარა. 2021 წელს იგი ჯერ კომპენსაციებისა და HR სერვისების განყოფილების გუნდის ლიდერის პოზიციაზე, 2022 წლის 1 ივლისიდან კი ამავე განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე დაწინაურდა. როგორც თეო ამბობს: „საკუთარის თავის რწმენა და ის, რომ შევძლებდი თავი გამერთვა ხელმძღვანელის პოზიციისთვის , კოლეგებისგან მიღებულმა უკუკავშირებმა და დამოკიდებულებებმა მომცეს“.
„ჩემ მიერ „კრისტალში გავლილი დრო უკვე 9 წელს აერთიანებს. კომპანიამ თავისი მხარდაჭერით განვითარებისა და წინსვლის საშუალება მომცა. იყო კრისტალელი – უდიდესი პასუხისმგებლობაა. ჩემს ქალაქში, ქუთაისში, „კრისტალი“ ერთ-ერთი გამორჩეული დამსაქმებელია, ის მუდმივად ხარისხიან მომსახურებასა და კადრთან ასოცირდება. ამგვარი დამოკიდებულება და განწყობა კი უპირველესად ჩვენი თანამშრომლებისგან ვრცელდება. მინდა, სულ ასე იყოს“, – ამბობს თეონა.