Search
ყველა შედეგი

„კრისტალის“ გუნდი აქტივ-ვალდებულებების მართვის საერთაშორისო კონკურსის რეგიონული გამარჯვებულია

მიკრობანკი „კრისტალის“ გუნდი აქტივ-ვალდებულებების მართვის (Asset & Liability Management – ALM) საერთაშორისო კონკურსის რეგიონული ეტაპის გამარჯვებული გახდა და სექტემბერში პარიზში გასამართ ფინალში იასპარეზებს.

კონკურსი ორგანიზებული იყო „კრისტალის“ ორი საერთაშორისო პარტნიორისა და მსხვილი ინვესტორის – FMO-ს, PROPARCO-ს და ასევე, გერმანული საინვესტიციო ფონდი DEG -ის მიერ.

კონკურსში მონაწილეობდნენ მხოლოდ იმ ფინანსური ორგანიზაციების თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი აქტივ-ვალდებულებების მართვის პროცესში.

„მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ჩვენს გუნდს ამ მნიშვნელოვანი წარმატებისთვის. ფინალში მოხვედრა „კრისტალისთვის“ მნიშვნელოვანი აღიარებაა, რომელიც კიდევ უფრო აძლიერებს კომპანიის რეპუტაციას საერთაშორისო პარტნიორებსა და ინვესტორებთან. ამავდროულად, ეს წარმატება ადასტურებს, რომ ჩვენი გუნდი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად იღებს ეფექტურ და სწორ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს და ართმევს თავს კომპლექსურ გამოწვევებს, რომლებიც ტრანსფორმაციის პროცესს ახლავს,“ – აღნიშნავს კრისტალის გენერალური დირექტორი, ილია რევია.

კონკურსის ფარგლებში მონაწილე გუნდები მართავდნენ სიმულაციურ ბანკს, რომლის მაკროეკონომიკური გარემო თითოეული ახალი ეტაპის დაწყებისას იცვლებოდა. ამ ცვლილებების გათვალისწინებით მონაწილეებს უწევდათ აქტივებისა და ვალდებულებების მართვა, მომგებიანობის უზრუნველყოფა, სტრატეგიული მიზნების განსაზღვრა, საფასო პოლიტიკის შემუშავება და რისკების მართვის ძირითადი ინდიკატორების განსაზღვრა. თითოეული გადაწყვეტილება გავლენას ახდენდა ბანკის საერთო შედეგებზე და მონაწილეებისგან მოითხოვდა სტრატეგიულ ხედვას, ფინანსურ ანალიზსა და გუნდურ კოორდინაციას.

გუნდები რეგიონების მიხედვით იყვნენ დაყოფილი. „კრისტალი“ ასპარეზობდა Central Asia, Eastern Europe & MENA-ს რეგიონში. ფინალში მოსახვედრად ერთმანეთს ოთხი ფინანსური ინსტიტუტი ეჯიბრებოდა. მონაწილეებმა ოთხი მასშტაბური სიმულაციური დავალება შეასრულეს, ხოლო გამარჯვებული ოთხივე ეტაპის აკუმულირებული შედეგების საფუძველზე გამოვლინდა.

ამ მრავალეტაპიანი შეფასების შედეგად, საკუთარ რეგიონში „კრისტალის“ გუნდმა გაიმარჯვა და საერთაშორისო ფინალის საგზური მოიპოვა, რომელიც 17–18 სექტემბერს პარიზში გაიმართება.

Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.