კრისტალის სათავო ოფისი ქუთაისში მზის ენერგიის მოხმარებაზე გადავიდა
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ მზის ენერგიის მოხმარებაზე გადავიდა. ქუთაისში მდებარე სათავო ოფისი უკვე აღიჭურვა განახლებადი ენერგიის მისაღებად საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიებით.
ამ ინიციატივით კომპანიამ კიდევ ერთი ქმედითი ნაბიჯი გადადგა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიული პრიორიტეტის — ეკომეგობრულობისა და კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული ზიანის შემცირების მიმართულებით და, ამავდროულად, შექმნა გარემოზე ზრუნვის პრაქტიკული, პოზიტიური მაგალითი.
მზის ენერგიის მოხმარებაზე გადასვლა მწვანე ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პოპულარიზაციასაც შეუწყობს ხელს.
“გარემოზე ზრუნვის კუთხით „კრისტალი“ ჩართულია სხვადასხვა პროექტსა და საკონსულტაციო საქმიანობაში, ამავდროულად, აქტიურად ითვალისწინებს შესაბამის საკითხებს საკუთარ ბიზნესმოდელში, კორპორაციულ სტრატეგიაში, საოპერაციო პოლიტიკასა და პრაქტიკაში” – აღნიშნა კრისტალის უფროსმა აღმასრულებელმა ოფიცერმა, ილია რევიამ.
გარე აქტივობებთან ერთად, მიმდინარე წლიდან კომპანია ახორციელებს შიდა კამპანიას „მწვანე კრისტალი“, რომელიც ელექტროენერგიისა და ქაღალდის გამოყენების დაზოგვას, ასევე, ნარჩენების გადამუშავებით პროდუქტების შექმნას და მათთვის ახალი სიცოცხლის მიცემას აერთიანებს.
2020 წელს კომპანიამ გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის კონკურსზე „კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2020 – ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის’’, ერთ-ერთი საამაყო პროდუქტისთვის „მწვანე დაფინანსება“ ჯილდოც მიიღო. მზის ენერგიის გამოყენებაზე გადასვლაც სწორედ კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და ღირებულებების გაგრძელებას წარმოადგენს.
საგულისხმოა, რომ „კრისტალი“ აქტიურად ემზადება საბანკო ტრანსფორმაციისთვის და ამ პროცესის დასრულების შემდეგ გარემოზე ზრუნვა კვლავაც სტაბილურ, სტრატეგიულ მიმართულებად დარჩება, მწვანე, ეკომეგობრული პროდუქტების შეთავაზებასა და სხვადასხვა ინიციატივის განხორციელებას კი კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა.