„კრისტალმა“ ქალებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შესახებ საკუთარი პრაქტიკა კონფერენციაზე წარადგინა
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, არჩილ ბაკურაძემ კონფერენციაზე „ქალებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოში“, კომპანიის გამოცდილების შესახებ ისაუბრა. მან ღონისძიების სტუმრებს ის ინიციატივები და პროექტები გააცნო, რომლებსაც „კრისტალი“ ქალებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის, მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზების კუთხით ახორციელებს.
ქალების ხელშეწყობა და მათი გაძლიერება „კრისტალის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. ამ მიზნით, კომპანია საგანმანათლებლო, მენტორინგის, პროფესიული წინსვლის, ბიზნესსაქმიანობების წამოწყებისა და განვითარების კუთხით, საერთაშორისო და ადგილობრივ დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, სხვადასხვა ინიციატივას ახორციელებს. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით დაგეგმილი მდგრადი პროექტები, რომელთა დახმარებითაც საკუთარი ბიზნესსაქმიანობა საქართველოში არაერთმა მეწარმე ქალმა განავითარა.
სულ ახლახან კომპანიამ 25 მილიონი ლარის მოცულობის 2-წლიანი სერტიფიცირებული გენდერული ობლიგაციებიც გამოუშვა, რაც სწორედ მეწარმე ქალებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, მათი მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების დაფინანსებას, საქართველოში ქალთა მეწარმეობისა და ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
„ქალების ფინანსებზე წვდომის ნაწილი, მნიშვნელოვანი საკითხია მეწარმეობის განვითარების და ქალთა გაძლიერების მიმართულებით. სამომავლოდ განსახილველია, როგორც პროვაიდერების მხრიდან ახალი პროდუქტების შეთავაზების და შესაძლებლობების მხარე, ასევე მეწარმეების მზაობა, მიიღონ მეტი დაფინანსება და განავითარონ თავიანთი ბიზნესი. ყოველთვის მზად ვართ საკუთარი გამოცდილების გაზიარებისთვის, რადგან ქალებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ბევრ ახალ და წარმატებულ ბიზნესს, ქალთა მეწარმეობის წინსვლას, ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და კეთილდღეობას ნიშნავს. დღევანდელმა დისკუსიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მულტისექტორული თანამშრომლობის მნიშვნელობას და იმედია ეს თანამშრომლობა გამოიღებს შედეგს და საქართველოში გვეყოლება უფრო მეტი ქალი მეწარმე, იქნება მეტი დასაქმების და სოციალური შედეგების შექმნის შესაძლებლობა,”- აღნიშნა არჩილ ბაკურაძემ.
პანელური დიკუსრიის მონაწილეებმა გენდერულად მგრძნობიარე, მდგრადი შესყიდვების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკაზე, პრაქტიკასა და შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
კონფერენცია გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით ჩატარდა. მასში სახელმწიფო და კერძო სექტორის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები მონაწილეობდნენ.
ღონისძიება შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამასთან (CSEP) თანამშრომლობით გაიმართა.