Search
ყველა შედეგი

„კრისტალმა“გაეროს ქალთა ორგანიზაციის სასწავლო ტურში მიიღო მონაწილეობა

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის“ უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი ილია რევია გაეროს ქალთა ორგანიზაციის სასწავლო ტურით ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში იმყოფებოდა. ვიზიტი იმ მსხვილი ქართული კომპანიების წარმომადგენლებისთვის მოეწყო, რომლებიც საქართველოში გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერები არიან და მათ მხარდასაჭერად, მნიშვნელოვან და წარმატებულ ინიციატივებს ახორციელებენ. 

სასწავლო ტურში 14 ქართული და საქართველოში მოქმედი მსხვილი საერთაშორისო  ბიზნესორგანიზაცია მონაწილეობდა.  კომპანიების წარმომადგენლები ადგილზე გაცნენ  იმ გამოცდილებასა და პროექტებს, რომლებსაც ნორვეგიის კერძო სექტორი თანასწორობისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობისთვის ახორციელებს,განიხილეს ის პოზიტიური როლი, რომელსაც ბიზნესი გენდერული თანასწორობის მხარდაჭერით საზოგადოებისა და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში ასრულებს.

ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაცია ნორვეგიული კომპანიების — Storebrand-ისა (ყველაზე მსხვილი ნორვეგიული ფინანსური ჯგუფი) და Telenor-ისა (ყველაზე მსხვილი  ნორვეგიული სატელეკომუნიკაციო კომპანია) ხელმძღვანელებს შეხვდა და მათგან მოისმინა ინიციატივები, რომლებიც ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის მხარდასაჭერად ხორციელდება. ამას გარდა, შეხვედრები შედგა ოსლოში საქართველოს საელჩოს თანამშრომლებსთან, ნორვეგიელ პოლიტიკოსებსა და სტარტაპების ინვესტორებთან. 

„მნიშვნელოვანი იყო იმ ქვეყნის ბიზნესების პრაქტიკის გაზიარება, რომელიც გლობალური გენდერული ინდექსით მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს და ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას მნიშვნელოვან ფაქტორად განიხილავს. „კრისტალისთვის“ ქალების ეკონომიკური გაძლიერება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიული მიმართულებაა და სამომავლო ინიციატივების დაგეგმვაში ამ ვიზიტის შედეგად მიღებული გამოცდილება ღირებულ როლს შეასრულებს“, – აღნიშნავს “კრისტალის” უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი.

„კრისტალმა“ საქართველოში გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებს ხელი 2016 წელს, ერთ-ერთმა პირველმა მოაწერა და ორგანიზაციის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ ქალთა მხარდამჭერი, მდგრადი და სისტემური პროექტების განხორციელება დაიწყო. მათ შორისაა საგანმანათლებლო, მენტორინგის, პროფესიული განვითარებისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ინიციატივები, რომლებმაც პოზიტიური გავლენა უკვე არაერთი ქალის ცხოვრებაზე მოახდინა. 

აღსანიშნავია, რომ „კრისტალი“ პირველი არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელმაც სამხრეთ კავკასიაში ქალებისთვის განკუთვნილი 15 მლნ ლარის ღირებულების გენდერული ობლიგაციები (Women Corporate Bonds) გამოუშვა და ათასობით ქალ მომხმარებელს ეკონომიკური განვითარებისა და კაპიტალზე თანაბარი წვდომის შესაძლებლობა მისცა. 

კრისტალის მიერ ქალთა გაძლიერების მიმართულებით გადადგმული ქმედითი ნაბიჯები ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა თუ ექსპერტების მიერ არაერთხელ აღინიშნა. კომპანიამ საქართველოს სოციალური პასუხისმგებლობის ჯილდოს კონკურსში CSR Award 2019, კატეგორიაში გენდერული თანასწორობა – პირველი ადგილი მიიღო. 2020 წელს კი გაიმარჯვა კონკურსში „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“, რომელიც ათასწლეულის ფონდის მიერ იყო ორგანიზებული.

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო