
მიკრობანკი "კრისტალი" ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს
„კრისტალი“, როგორც ბიზნესის აქტიური მხარდამჭერი, მიზნად ისახავს მეწარმეების გაძლიერებას არა მხოლოდ დაფინანსების მექანიზმებით, არამედ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით. მიკრობანკის ლიცენზიის მიღების შემდეგ ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო კომპლექსური ხდება. ახალი საბანკო პროდუქტებისა და სერვისების შექმნის პარალელურად კომპანია მეწარმეებს, მათ საჭიროებებზე მორგებულ ფინანსურ და ბიზნესთან დაკავშირებულ საკონსულტაციო სერვისებს სთავაზობს.
ამჯერად მიკრობანკი „კრისტალისა“ და სამედიცინო ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია „Tgrow-ს“ პარტნიორობის ფარგლებში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების, კლინიკების დამფუძნებლებისა და ტოპ-მენეჯერებისთვის ჩატარდა ტრენინგ-სემინარი თემაზე “კლინიკის მართვის სტრატეგიები: გზა ბაზრის ლიდერობამდე“.
საქართველოს სამედიცინო ბაზარზე მზარდი კონკურენცია კლინიკების წინაშე ახალ გამოწვევებს აყენებს. წარმატებისთვის მათ სჭირდებათ არა მხოლოდ მაღალი სამედიცინო ხარისხი, არამედ ეფექტიანი მენეჯმენტი, სწორი ფინანსური დაგეგმვა და მარკეტინგული სტრატეგიები. შეხვედრაც სწორედ ამ აქტუალურ საკითხებს დაეთმო, მათ შორის: პაციენტების მოზიდვის ეფექტური სტრატეგია, კონკურენტული ბრენდის შექმნა, სერვისის ხარისხის გაუმჯობესებას და გრძელვადიანი წარმატების უზრუნველყოფა.
მონაწილეებმა, რომელთა შორის იყვნენ სხვადასხვა ზომის სტომატოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელები და დამფუძნებლები, პოზიტიურად შეაფასეს შეხვედრის პრაქტიკული ფორმატი, რომელმაც მათ საშუალება მისცა, თეორიული საკითხები რეალური მაგალითების ჭრილში განეხილათ და ერთმანეთთან გამოცდილება გაეზიარებინათ.
“ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მეწარმეებს ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად შევთავაზოთ პროფესიული საკონსულტაციო სერვისებიც, რადგან სწორად დაგეგმილი სტრატეგია და ექსპერტული რჩევები ხშირად ისეთივე გადამწყვეტია, როგორც ფინანსური რესურსი. ეს განსაკუთრებით იგრძნობა სტომატოლოგიურ კლინიკებში, სადაც მაღალი კონკურენცია და მუდმივად განახლებადი ტექნოლოგიები მოითხოვს არა მხოლოდ ფინანსურ, არამედ მენეჯერულ და მარკეტინგულ ცოდნასაც. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი აკისრია საბანკო პროდუქტებსაც. მაგალითად, სამედიცინო აღჭურვილობის ლიზინგი კლინიკებს აძლევს შესაძლებლობას, უახლესი ტექნოლოგიები სწრაფად დანერგონ და მომსახურების ხარისხი კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანონ. სწორედ ასეთი ინტეგრირებული მიდგომა ფინანსური ინსტრუმენტებისა და საკონსულტაციო მხარდაჭერის კომბინაცია ქმნის მყარ საფუძველს ბიზნესის მდგრადი განვითარებისთვის.”_SME ბიზნეს კონსალტინგის განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი ჯანელიძე
“ჩვენი ინტენსიური ვორკშოპი კლინიკების ლიდერებისთვის წარმატებით დასრულდა. ღრმა დისკუსიებმა, რეალურმა ქეისებმა და გამოცდილების გულწრფელმა გაზიარებამ ნათლად აჩვენა, რომ ქართულ სამედიცინო ბიზნესში არსებობს ძლიერი სურვილი და მზაობა სისტემური განვითარების, ახალი ხედვებისა და ეფექტური ლიდერობის გაძლიერებისთვის.
ეს შეხვედრა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ერთად შეგვიძლია შევქმნათ უფრო ძლიერი, პაციენტზე ორიენტირებული და წარმატებული სამედიცინო ეკოსისტემა.
განსაკუთრებული მადლობა “კრისტალის” გუნდს შეხვედრის ორგანიზებისთვის.
მადლობა თითოეულ მონაწილეს, რომელთა ჩართულობა, ინტერესი და ენერგია ქმნის იმ საფუძველს, საიდანაც რეალური ცვლილებები იწყება.”_Tgrow-ს დამფუძნებელი თამარ გეგია
შეხვედრის დასასრულს „კრისტალის“ წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს ახალი საბანკო პროდუქტები და დაფინანსების შესაძლებლობები, რაც მეწარმეებს აძლევს შანსს, კიდევ უფრო სწრაფად და ეფექტიანად გადაინაცვლონ განვითარების ახალ საფეხურზე.
ვინაიდან ფიზიკურ შეხვედრაზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდული იყო, მაღალი ინტერესიდან გამომდინარე აღნიშნული ტრენინგი დამატებით ჩატარდება ონლაინ რეჟიმშიც. ეს შესაძლებლობაა იმ მეწარმეებისთვის, რომლებმაც ამ ეტაპზე ფიზიკურად დასწრება ვერ მოახერხეს.