ქალთა გაძლიერება და ფინანსური განათლება - კრისტალის საგანმანათლებლო ინიციატივა
კრისტალის სტრატეგიული საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ქალთა გაძლიერება და მათი პერსონალური, სოციალური და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა. ამ მიმართულებით, პროექტის „Girls Rising: Believe for a Better Tomorrow“ ფარგლებში ფონდ „ბილივთან“ პარტნიორობა სრულ შესაბამისობაშია კომპანიის ხედვასთან და გაეროს მდგრადი განვითარების მიზან №5-თან (გენდერული თანასწორობა).
პროექტი განხორციელდა ქ. ფოთში და მასში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 50 ახალგაზრდა გოგონამ. ინიციატივის მიზანი იყო მონაწილეთა პიროვნული ცნობიერების ამაღლება, ფინანსური განათლების გაძლიერება, ლიდერული უნარების განვითარება და განათლების მნიშვნელობის შესახებ ცოდნის გაღრმავება.
სატრენინგო შეხვედრები ონლაინ ფორმატში ჩატარდა და ეფუძნებოდა კრისტალის ქალთა პერსონალური და ეკონომიკური გაძლიერების პროგრამის Buzz Georgia-ს 5C მოდელს, რომელიც მოიცავს შემდეგ თემატურ მიმართულებებს: Care (ზრუნვა), Cash (ფინანსური ცნობიერება), Confidence (თავდაჯერებულობა), Climate (კლიმატი) და Community (თემი).
შეხვედრებში, კრისტალის და ბაზ-საქართველოს ტრენერებთან ერთად, სპიკერებად ჩაერთნენ Buzz Georgia-ს ელჩები, გამორჩეული და თემის ლიდერი ქალები, რომლებმაც თავიანი პირადი, სამეწარმეო, პროფესიული გამოცდილებები გაუზიარეს მონაწილეებს.
პროგრამის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები თემებზე: თვითზრუნვა და თავდაჯერებულობის გაძლიერება, ფინანსური განათლება და პასუხისმგებლიანი ფინანსური გადაწყვეტილებები, კლიმატის ცვლილებები და ეკომეგობრული ქცევები, ასევე სათემო ჩართულობა და სოციალური პასუხისმგებლობა. აღნიშნულ პროცესში მონაწილეებმა მიიღეს როგორც თეორიული ცოდნა, ისე პრაქტიკული გამოცდილება და მოტივაცია პიროვნული და პროფესიული განვითარებისათვის.
კრისტალის მხრიდან, პროგრამაში მონაწილეობდნენ ხობის ფილიალის საკრედიტო გუნდის ლიდერი თამარ გერგედავა, გარე გაყიდვების ოფიცრების კოორდინატორი ნათია ლეთოდიანი და მწვანე და სხვა მიზნობრივი რესურსების მართვის კოორდინატორი ანა გეწაძე, რომლებმაც მონაწილეებს შესაბამის თემებზე გაუზიარეს პრაქტიკაზე დაფუძნებული ცოდნა და გამოცდილება.
ფონდი „ბილივის“ შესახებ:
ფონდი „ბილივი“ ქ. ფოთში დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს მოზარდებისა და ახალგაზრდების, განსაკუთრებით გოგონების, სოციო-ეკონომიკურ და პერსონალურ გაძლიერებას. ფონდი აქტიურად მუშაობს არაფორმალური განათლების ხელშეწყობაზე, ცნობიერების ამაღლებასა და რეგიონში საგანმანათლებლო, კულტურული და საქველმოქმედო ინიციატივების განხორციელებაზე, მათ შორის სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვების მხარდაჭერაზე