საერთაშორისო პარტნიორობის გაძლირებისკენ გადადგმული ნაბიჯი- კრისტალი ჰოლანდიის განვითარების ბანკის (FMO) ინიციატივით ორგანიზებულ Future of finance კონფერენციაში მონაწილეობს
მიკრობანკი “კრისტალი” ჰოლანდიის განვითარების ბანკის (FMO) ინიციატივით ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობს.ღონისძიებას ის ორგანიზაციები ესწრებიან, რომლებიც მრავალი წელია FMO-სთან თანამშრომლობენ და ქმნიან პლატფორმას ახალი შესაძლებლობებისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები შედგა FMO-ს მაღალი რგოლის მენეჯმენტთან, სადაც განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. კრისტალის გენერალურმა დირექტორმა ილია რევიამ შეხვედრის მონაწილეებს კრისტალის საბანკო ტრანსფორმაციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და გაუზიარა ის ახალი ინიციატივები, რომელსაც კომპანია ბიზნესკლიენტთა მხარდაჭერის მიმართულებით გეგმავს.
„კრისტალსა“ და FMO-ს შორის თანამშრომლობა 8 წელს ითვლის. ამ პერიოდში განხორციელებულმა ერთობლივმა ინიციატივებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა როგორც კომპანიის სტრატეგიულ განვითარებაში, ისე ქვეყნის ფინანსური სისტემის გაძლიერებაში.
„უკვე მრავალი წელია FMO ჩვენი ერთგული პარტნიორია. ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვანი იყო როგორც ფინანსური რესურსების მოზიდვის, ისე ცოდნისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით. სწორედ ამ მხარდაჭერამ შეგვაძლებინა, შეგვექმნა მდგრადი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც დღეს უკვე მიკრობანკის ფორმატში აგრძელებს საქმიანობას. დღევანდელი შეხვედრა განსაკუთრებული შესაძლებლობა იყო ჩვენთვის, გაგვეზიარებინა კომპანიის საბანკო ტრანსფორმაციის შედეგები და დაგვესახა თანამშრომლობის ახალი გეგმები, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს სამომავლო ურთიერთობებს, ხელს შეუწყობს ბიზნესების განვითარებას და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას, “ – აღნიშნა „კრისტალის“ გენერალურმა დირექტორმა, ილია რევიამ.
წლების განმავლობაში FMO-მ „კრისტალს“ არა მხოლოდ ფინანსური რესურსით, არამედ ტექნიკური დახმარებითაც დაუჭირა მხარი. ბოლო 8 წვლის მანძილზე ტექნიკური დახმარებების (ანუ გრანტების) მიმართულებით ჯამურმა რაოდენობამ 600,000 ევროს გადააჭარბა, ხოლო მოზიდული ფინანსური რესურსი ამ დროისთვის 100 მილიონ ლარამდეა.